მიხეილ ხუბუტია: ყველაზე მაგარი რუსი, რა თქმა უნდა, პუტინია (ვიდეო)
პუტინი მიყვარს, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ გადაცემაში „მძიმე კაცთან“ განაცხადა. ამასთან, ხუბუტია მიიჩნევს, რომ ყველაზე მაგარი რუსი სტალინია, ხოლო ცოცხებს შორის -პუტინი.
„პუტინი მიყვარს და მაგის ფავორიტი ვარ. ფავორიტი ვარ იმიტომ, რომ მიყვარს, როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი… ყველაზე მაგარი რუსი სტალინია. ცოცხლებიდან – რა თქმა უნდა, პუტინი“, – აცხადებს ხუბუტია.
ბიზნესმენი ასევე ამბობს, რომ მოსკოვში ის ბიძინა ივანიშვილზე მდიდარი იყო.
„ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ ტელევიზორით. გარწმუნებთ, რომ მოსკოვში მე ბიძინაზე მდიდარი ვიყავი, მაგრამ შეხება არ მქონია“, – ამბობს ხუბუტია.
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი პატრიარქის განსაკუთრებულად მონატრებაზეც საუბრობს.
„მამაჩემს ზოგჯერ სწყინს, რადგან სპეციალურად ჩამოვდივარ, ისე მენატრება ხოლმე პატრიარქი. პატრიარქს რომ ვერ ვნახავ, ერთი თვე სიზმრებში ვხედავ. რომ არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო, აღარ შემიძლია“, – ამბობს ბიზნესმენი.
გადაცემა „მძიმე კაცთან“ ეთერში სრულად ჯერ არ გასულა. ხუბუტიას ზემოხსენებული საუბარი გადაცემის ანონსიდანაა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GaN19d9jnec” width=”560″ height=”315″]