თეა წულუკიანი: როცა კბილაშვილი მთავარი პროკურორი იყო, არასწორ კანონს უჭერდა მხარს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის პროკურატურის რეფორმის პროცესში ჩართვას დადებითად აფასებს. თუმცა,  მინისტრი აღნიშნავს, რომ კბილაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე ყოფნის დროს,  მხარს უჭერდა არასწორ კანონს, რომელიც 2013 წლის მაისში,  მისი ინიციატივით იყო მიღებული.
„მიხარია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მოისურვა პროკურატურის ორგანოების რეფორმაზე მუშაობა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგანაც, როცა  ის  მთავარი პროკურორი იყო, ჩემი გადასახედიდან, არასწორ კანონს უჭერდა მხარს, რომელიც მისი ინიციატივით  2013 წლის მაისში იყო მიღებული. კარგია, რომ მას რეფორმატორულ პროცესში სურს ჩართვა. ჩვენ მას ვიწვევთ 27 დეკემბერს იმ სხდომაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით, მთავრობა იმუშავებს არასამთავრობოებთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი არჩილი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ევროპული არჩევანის” დამფუძნებელი არჩილ კბილაშვილი მზად არის, პროკურატურის რეფორმის მიზნით სამუშაო ჯგუფში ჩაერთოს. კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის უწყებას პროკურატურის რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალება გასულ კვირას მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები