მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლებისა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც „კვირას“ კორრესპონდენტი ადგiლიდან გვმაცნობს, გაზეთ „განმანთავისუფლებელის“ მთავარმა რედაქტორმა და „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლეილა ცომაიამ აქციაზე შეკრებილები საყდრისის ძეგლის განადგურებაში დაადანაშაულა. აქციის მონაწილეებმა კი ქალბატონს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სიტუაცია დაცვის პოლიციის თანამშრომელმა განმუხტა და აღნიშნული ქალბატონი ტერიტორიიდან გაიყვანა.
კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლებმა და საყდრისის საბადოზე დასაქმებულებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. ათასზე მეტი ადამიანი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დილიდან შეიკრიბა.
კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და საყდრისის საბადოზე დასაქმებულები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას და პრეზიდენტთან ამ საკითხზე პირადად შეხვედრას ითხოვდნენ. ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ. მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები