საყდრისის საბადოზე დასაქმებულები გიორგი მარგველაშვილს საბოტაჟში ადანაშაულებენ – “ვინ შეინახავს ჩვენს ოჯახებს?!“

კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლები და საყდრისის საბადოზე დასაქმებულები, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აქციას მართავენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საბოტაჟში ადანაშაულებენ.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე პრეზიდენტს არ შეხვდებიან.
“საქართველოს პრეზიდენტი საკითხთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს, ისევე, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და აქ იმ დრომდე ვიქნებით, ვიდრე პრეზიდენტი პირადად არ მოისმენს ჩვენს სათქმელს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე “კვირასთან“ საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან კომპანია “არემჯი გოლდის“ თანამშრომლების და საყდრისის საბადოზე დასაქმებულების მიერ ორგანიზებული აქცია დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო.
ადგილზე ამ დროისთვის ათასამდე ადამიანია შეკრებილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილები „არემჯი გოლდისთვის” ლიცენზიის გაგრძელებას და პრეზიდენტთან ამ საკითხზე პირადად შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, საბადოზე დასაქმებულების თქმით, რამდენიმე კვირაში კომპანიას ოქროს მოპოვების უფლება ეწურება და შესაძლოა, კაზრეთში სამუშაოები საერთოდ გაჩერდეს და იქ დასაქმებულები უმუშევრად დარჩნენ. მათივე თქმით, ბოლნისის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ საბადოზეა დასაქმებული და ოჯახებს სწორედ ამ სახსრებით არჩენენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარანტები წარწერით – “პრეზიდენტო, ვინ შეინახავს ჩვენს ოჯახებს?!“ “საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ“?!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისში ფართომასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები