„ყაზტრანსგაზ თბილისში“ „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურ მმართველთან გია ბენაშვილთან ერთად კომპანიის „ცხელი ხაზის“ ამოქმედების ღონისძიებას დაესწრო.
სამინისტროს ცნობით, „ცხელი ხაზის“ საშუალებით, რომლის ნომერია: 2 40 40 04, კომპანიის აბონენტები ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე უმოკლეს ვადებში ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. მათივე ინფორმაციით, პარალელურად შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ფუნქციონირებას იწყებს კონფიდენციალური ტელეფონიც: 2 20 04 04, სადაც აბონენტებს ანონიმურად შეეძლებათ გამოხატონ თავიანთი გულისტკივილი ან პრეტენზია კონკრეტული თანამშრომლის მიმართ ან სამართალდარღვევის ფაქტზე. კომპანია დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც აბონენტებს შეექმნებათ.
„კომპანიის „ცხელი ხაზი“ წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის, მისი მიზანია, მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აბონენტს შეექმნება. მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, „ცხელ ხაზში“ დასაქმებდა სულ 16 თანამშრომელი: მენეჯერი და თხუთმეტი ოპერატორი (სათაო ოფისში იმუშავებენ: მენეჯერი და ოთხი ოპერატორი, 11 ოპერატორი კი ზარებს შესაბამის ბიზნესცენტრებში უპასუხებენ), რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი. „ცხელ ხაზზე“ მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, ჩაიწეროს და დაარქივდეს მოსახლეობიდან შემოსული ზარები.
დღესვე, კომპანიამ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებლებს. რიგის მართვის თანამედროვე სისტემით აღჭურვილი მოქალაქეთა მისაღები გაზიფიცირების მსურველთ მოემსახურება. ახალი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს შეეძლებათ როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე რაიონულ ბიზნესცენტრებში სამუშაო დღეებში, დილის 09:00-დან 18:00-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები