დიმიტრი ლორთქიფანიძე იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანების მფლობელებს აფრთხილებს
“ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საზოგადოებას მიმართავს და რჩევას აძლევს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია ყველა იმ მანქანას ჩაუტარდეს შემოწმება, რომლებიც იაპონიიდანაა ჩამოყვანილი.
„საკითხი ეხება იმპორტირებული ავტომობილების მდგომარეობას, მათი რადიაციული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის” პრესკლუბში სტუმრობისას.
„იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილების რიცხვი საოცრადაა გაზრდილი, მარტო წელს, იმდენი ავტომობილი შემოვიდა საქართველოში იაპონიიდან, რამდენიც 2010-2013 წლებში ერთად. იაპონიიდან შემოსულ მანქანებს აქვთ წითელი „სტიკერი”, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოწმებულია მანქანა რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ჯერ კიდევ იაპონიაში. ძალიან სამწუხაროა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ საბაჟო დეპარტამენტთან ოფიციალური მიმოწერის შედეგად. კითხვაზე – არის თუ არა აღმოჩენილი საქართველოში რადიაციულად საფრთხისშემცველი მანქანები, ასეთი პასუხი მივიღეთ – 2011 წლიდან დღემდე, რადიაციის შემთხვევა გამოვლინდა იაპონიდან იმპორტირებულ 45 ავტომობილზე. მათგან 44-ს ჩაუტარდა დეკონტამინაცია, გათავისუფლდა რადიაციული ფონისგან, ხოლო ერთი ავტომობილი იზოლირებულია ბათუმის პორტში. ყველას, ვისაც იაპონიიდან იმპორტირებული მანქანა აქვს, საკუთარი და ოჯახის უსართხოებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიმართონ ბირთვული უსაფრთხოების სამსახურს და ინდივიდულურად გაიარონ შემოწმება. დარწმუნდით, რომ თქვენი მანქანა 100%-ით უსაფრთხოა”, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.