ქართველი ექიმი კოსმოსში გასაფრენად ემზადება

ცნობილმა ქართველმა ექიმმა – გინეკოლოგმა, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა არსენ გვენეტაძემ აშშ-ში ასტრონავტის სერტიფიკატი მიიღო და კოსმოსში გასაფრენად ემზადება,- ამის შესახებ არსენ გვენეტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც გვენეტაძემ განმარტა, კოსმოსიდან დედამიწის დანახვაზე ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან ოცნებობდა, ოცნება ხელშესახებად უკვე იმ დროისთვის იქცა,როცა ექიმმა ასტრონავტის კურსები აშშ-ში, ფილადელფიის შტატში გაიარა.
„ ფილადელფიაში გავიარე 1,5 -თვიანი „მომავლის ასტრონავტის ტრენინგი“. მივიღე სერტიფიკატიც. ტრენინგის დროს გვასწავლიდნენ როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ ნაწილსაც. თეორიაში შედიოდა ის, თუ რა დატვირთვები მოდის სხეულზე კოსმოსში გაფრენისას, როგორია შეგრძნებები, როგორ უნდა მართო სუნთქვა, შეინარჩუნო მხედველობა და მოახერხო რელაქსაცია, როცა უკვე კოსმოსში ხარ. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს ზიხარ ე.წ. კაფსულაში და განიცდი ყველაფერ იმას, რასაც კოსმოსში ყოფნისას. ჯერ მსუბუქი დატვირთვა იწყება, მაგრამ თანდათან რთულდება. ამ დროს კამერებში იმ ხედებსაც კი ვუყურებდით, რასაც იმ კონკრეტულ დროს კოსმოსში ყოფნისას დავინახავთ“,- განაცხადა არსენ გვენეტაძემ.
არსენ გვენეტაძის თქმით, ამით კიდევ ერთხელ უნდა საზოგადოებას უთხრას, რომ შეუძლებელი არაფერია. გინეკოლოგი, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული, დღეს განკურნებულია და კიდევ ერთი ახალი პროფესია შეიძინა. ექიმი – გინეკოლოგის აზრით, აუცილებელია მოსახლეობაში პროფილაქტიკური გასინჯვები დაინერგოს. დროულად დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი, მისი თქმით, ადამიანი შეიძლება კიბოსგანაც კი განიკურნოს.
„მე დღეს სრულიად განკურნებული ვარ. ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ კიბოს აღმოჩენა საწყის ეტაპზე მოხდა. ვთხოვ საზოგადოებას, რომ პერიოდულად მიმართონ პროფილაქტიკურ გასინჯვებს. ქალებს ყველაზე ხშირად კიბო მკერდზე და საშვილოსნოზე, მამაკაცებს კი მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბო უჩნდებათ, მაგრამ დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ეს ყველაფერი განკურნებადია. მე თუ შევძელი ეს, თქვენც შეძლებთ“,- განაცხადა არსენ გვენეტაძემ.
რაც შეეხება ფრენების გრაფიკს, ქართველი ასტრონავტის განცხადებით, კოსმოსში ფრენები 2015 წელს დაიწყება. გაფრენა რიგითობით ხდება. არსენ გვენეტაძის განცხადებით, ამ დროისთვის რიგში 700 ადამიანი, მათ შორის ლეონარდო დი კაპრიო და ანჯელინა ჯოლი დგანან. ხომალდში კი 6 ადამიანი ზის.
რაც შეეხება ბილეთს, კოსმოსში გასაფრენი ბილეთი 250 000 ამერიკული დოლარი ღირს. გვენეტაძე იმედოვნებს, რომ შესაძლოა, ქართველი ადამიანის პირველად კოსმოსში გაფრენით, სხვადასხვა კომპანიები დაინტერესდნენ და დაფინანსება თავიანთ თავზეც აიღონ.
„ როდესაც ქართველი ადამიანი პირველად მიფრინავს კოსმოსში, ეს ჩვენი სახელია და შეიძლება ამით დაინტერესდნენ კომპანიები, ეს არ არის იმხელა თანხა, რომ რამდენიმე კომპანიამ ერთობლივი ძალისხმევით ვერ დაფაროს. მსხვილ კომპანიებს ალბათ ექნებათ სურვილი, რომ ასოცირებულნი იყვნენ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენასთან. ფრენები 2015 წლიდან იწყება და იმედს ვიტოვებ, მალე მოვა ჩემი რიგიც“,- აღნიშნა „კვირას“ პრესკლუბში არსენ გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები