დავით ნარმანია: “სითი პარკი” დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, “სითი პარკი” დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. როგორც მან “პალიტრა ტვ”-ს გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, “სითი პარკი” ფულის გაკეთების მეტს არაფერს აკეთებს.
“სითი პარკი” დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ჩვენ ახლა მალე ვამთავრებთ “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს უცხოური აუდიტორული კომანია “ერნსტ ენდ იანგი”. მის დასკვნაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა, თუმცა “ერნსტ ენდ იანგ”-თან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ მათგან მივიღოთ მიუკერძოებელი დასკვნა და რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით და რაც ყველაზე მძიმეა – ეს არის ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ანუ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც ხშირ შემთხვევაში დამატებით დისკომფორტი მოჰყვება. ეს ქალაქის ბიუჯეტზე არანაირად არ მოქმედებს, ანუ ის 60 ლარი, რასაც მოქალაქეები იხდიან, ქალაქის ბიუჯეტში არ შემოდის. ის 60 ლარი პირდაპირ “სითი პარკის” ბიუჯეტში ირიცხება, მხოლოდ 10- ლარიანი ჯარიმის ნაწილი შემოდის თბილისის ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ “სითი პარკთან” ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ მივაღწიოთ, რაც სჭირდება ქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.