დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პარლამენტართა კითხვებს უპასუხებს
თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გოჩა რატიანს დღეს პარლმენტში ელოდებიან. ის ერთდროულად რამდენიმე კომიტეტის სხდომზე 15 დეკემბერს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში საქართველოს მონაწილეობას ითვალისწინებს.
დოკუმენტი პარლამენტში რატიფიცირებისთვის უკვე შესულია. ქართული მხარის შეთავაზებით, ნატოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს ოპერაციულ პარტნიორად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ მისიაში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება ერთი ბატალიონითა და ერთი ასეულით.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები გოჩა რატიანისთვის თავდაცვის სამინისტროს ხმაურიან განცხადებასთან დაკავშირებით, კითხვების დასმასაც აპირებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თემის გამწვავებას განზრახ ცდილობენ.
“ნაციონალური მოძრაობა” ეცდება, რომ გააბუქოს ეს თემა. ვთქვით, რომ შეცდომა იყო დაშვებული და ეს განცხადება დაღუპულის ოჯახის მიმართ არაკორექტული იყო, ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა. ეს არანაირად არ აისახება სამინისტროს საქმიანობის ხარისხზე და, ვფიქრობ, ეს მთავარი მაჩვენებელი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.