საყდრისის დაცვის კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საყდრისის დაცვის კომიტეტი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, “არემჯი გოლდი” წარმოების შეჩერებას გეგმავს. საყდრისის დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ მათი მიზანი კომბინატის გაჩერება არასდროს არ ყოფილა და მთავარ მოთხოვნად იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან.
“დღეს ჩვენთვის სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია“ არემჯი გოლდი“ გეგმავს წარმოების შეჩერებას, ამის მიზეზი სავარაუდოდ, საყდრისის გარშემო მიმდინარე მოვლენებია. დღის ბოლოს გავრცელდა განცხადება, რომ “არემჯი გოლდში“ დასაქმებული ადამიანები ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციებისთვის ემზადებიან.
საყდრისის დაცვის კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა კომბინატის გაჩერება და ისედაც მძიმე სოციალური ფონის გაუარესება კაზრეთში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება. საყდრისის დაცვის კომიტეტი არ შევა კონფროტაციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის უცვლელი დაუშვან მეცნიერები ყაჩაღიანის ტერიტორიაზე და მიეცეთ არქეოლოგიური ობიექტიდან ინფორმაციის ამოღების საშუალება. საყდრისის დაცვის კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს აწარმოოს დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველი რიგში პრემიერ მინისტრთან და მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია ძეგლის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში.