„რა ვქნა, მიყვარს ადამიანები…“

 „ისე, როგორც ყველა მეცხრე-მეათე კლასელი, მეც ალბათ, მსახიობობაზე ვოცნებობდი. სკოლა წარმატებით დავამთავრე და მაშინ ყველაზე მოდური და აქტუალური ექიმობა იყო. მართალია, ვერ ვაცნობიერებდი, რა სირთულეს ვეჭიდებოდი, მაგრამ მაინც ჩავაბარე. სტუდენტობის პერიოდშივე ვმუშაობდი სანიტრად. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოვხვდი. დიდი მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებმაც ძალიან ბევრი მასწავლეს. წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა განყოფილებებში. ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსად.“ – რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი.

– მიდიხარ, მაგრამ მაინც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბრუნდები…10836316_776380239077697_1978917834_n
– დიახ, იმიტომ, რომ მიყვარს ეს საავადმყოფო, ჩემი საქმე და ადამიანები. არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ადამიანს ეხმარები. როცა ხარ მოთხოვნადი და საყვარელი ექიმი, რასაც ვთვლი, რომ მივაღწიე, რადგან ვცდილობ, ჩემთან მოსული პაციენტი იმედით წავიდეს. საზღვარგარეთ ექიმი, რომელიც პაციენტს ღიმილით არ შეხვედება, მას კლინიკაში არ აჩერებენ. ვცდილობ, პაციენტს შევუქმნა ოჯახური გარემო და მივცე სტიმული, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს წახვედი…
– მხოლოდ ორი წლით წავედი გერმანიაში სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. რომ მივდიოდი, მაშინვე ვთქვი, არ გეგონოთ, სულ მივდივარ, აუცილებლად დავბრუნდები. რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში დაგროვილმა და მიღებულმა ცოდნამ, გერმანიაში დამანახვა, რომ ყველაზე მაგარი ექიმი ქართველი ექიმია. ბევრი  რამ ვისწავლე გერმანიაშიც, მაგრამ ვთვლი, რომ მე საქართველოდან საკმარისი ცოდნით წავედი. სულ მივდივარ და მერე ისევ ვბრუნდები.
– ორ წელიწადში რა შეიცვალა, ასე მალე რომ დაბრუნდი?
– ორი წლის განმავლობაში, პერიოდულად ჩამოვდიოდი და უკვე წელიწადნახევარია საქართველოში ვარ. გერმანიაში ასეთია მიდგომაა, თერაპევტს ერთ განყოფილებაში არ აჩერებენ. სხვადასხვა განყოფილებებში მომიწია მუშაობა და ყველა პათოლოგიასთან მქონდა შეხება. ბოლოს მოვხვდი გერიატრიულ, ანუ მოხუცთა განყოფილებაში. არ იფიქროთ, რომ ეს მოხუცები უპატრონოები ან თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები არიან. ისინი ძალიან შეძლებული ოჯახებიდან არიან, რომლებსაც წლების განმავლობაში, საკუთარი პენსიიდან დაგროვილი აქვთ თანხები, დაზღვევა 100 პროცენტით უზრუნველყოფილია. ამ განყოფილებაში მოხუცებს უტარდებათ არა მხოლოდ გამოკვლევები, გადიან რეაბილიტაციის სერიოზულ კურსს. იქ, ძალიან მაღალ დონეზეა მათი მოვლის კულტი. მათ  მაღალკვალიფიციური ექთნები და სანიტრები უვლიან. რაც მთავარია, ეს მოხუცები არიან ისეთი ბედნიერები, რომ სურვილი გამიჩნდა, მეც მოხუცი ვყოფილიყავი.
ხუთი თვე ვიმუშავე ამ განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ყველაფერს მივაღწიე, იქ დარჩენის სურვილი არასდროს მქონდა, მითუმეტეს ამ მოხუცების ნახვის შემდეგ. გადავწყვიტე, რომ დავბრუნდებოდი და მეც დავეხმარებოდი ჩვენს მოხუცებს.
– ჩვენს პირობებში, ეს რამდენად შესაძლებელია?10850878_776380242411030_836461893_n
– რა თქმა უნდა, მე არ მქონდა იმის საშუალება, მსგავსი კლინიკა გამეკეთებინა, მაგრამ იმედი მომეცა, როცა საქართველოში ამბოლატორიული საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა და ჯანდაცვის სისტემას ისეთი ადამიანი ჩაუდგა სათავეში, როგორიც დავით სერგეენკოა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, ამ ფაქტმა გამათამამა.
ჯერ კიდევ გერმანიაში დავგეგმე, რომ შევქმნიდი ჯგუფს და კარდაკარ ვივლიდით მოხუცებთან.  2013 წლის მაისში დავბრუნდი და მოვედი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, ჩემი ჩანაფიქრი გავუზიარე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 30 მაისს, ჩამოსვლიდან ერთ თვეში პირველი აქცია გლდანში გავაკეთეთ. 35 ექიმი, რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ბირთვი შემომიერთდა. მართალია, ჩვენი მიზანი მოხუცების დახმარება იყო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი მოვიდა: ბავშვები, ახალგაზრდები, საშუალო ასაკის ხალხი. მათი ნაკადი არ წყდებოდა. მივხვდი, მხოლოდ მოხუცებთან მუშაობა არ გამოვიდოდა. ვერ ვეტყოდი ამ ადამიანებს, აუცილებელია იყოთ მოხუცები და მხოლოდ მაშინ დაგეხმარებით-მეთქი. გარდა ამისა, წარმოვიდგინე, როგორ სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება რეგიონებში.
– მითუმეტეს რეგიონებში, რთული იქნებოდა მობილიზება…
– მოვძებნე გამგებლები, მათი მოადგილეები, სოციალური სამსახურის უფროსები და დავუკავშირდი. მხოლოდ დუშეთში ექვსი აქცია მოვაწყეთ (ფასანაური, ჟინვალი): ახმეტა–პანკისის ხეობაში (დუისი, ომალო, ჯოყოლა, ქისტაური), სადაც ამბულატორიებიც არის და ოჯახის ექიმიც. არის სოფლები, სადაც ვიცი, რომ მალე იქნება აბულატორიები.
გარდა დუშეთის მუნიციპალიტეტისა, აქცია გაიმართა: ახმეტაში – ოთხჯერ, ჭიათურაში- სამჯერ. ერთი წლის განმავლობაში ვიყავით 29 რეგიონში. ამჟამად 15 500 ადამიანია გასინჯული და აქედან 6 800 ადამიანი პენსიონერია. მათ ჩაუტარდათ ყველა სახის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევა, ექიმი – სპაციალისტების  კონსულტაციები. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ წნევის აპარატით დავდივართ. მიგვაქვს ყველა საჭირო აპარატურა და მათ შორის მინი საოპერაციოსთვის განკუთვნილი ხელსაწყოები. ყველაფერი ჩემი და ჩემი კოლეგების  დახმარებით კეთდება. აპარატურა და ყველა მასალა, რაც კი გვჭირდება, ერთობლივი ძალებით ვახერხებთ.
– გამოკვლევები უფასოდ ტარდება?10859692_776380212411033_806050409_n
– რა თქმა უნდა. ეს არის საქველმოქმედო აქცია და ჩვენი კეთილი ნება. ხშირად გვესმის კითხვა, რატომ აკეთებთ ამას? არც კი ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამ კითხვას. როცა ჩვენს  მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ შეგვიძლია, რატომ არ უნდა დავეხმაროთ? მე ბედნიერი ვარ, ამ ადამიანებს რომ ვეხმარები და ამ აქციებში ჩემი კოლეგების თანადგომამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ ექიმზე ძლიერი ექიმი მსოფლიოში არ არსებობს.
– სხვა კლინიკებიდან თუ შემოგიერთდნენ ექიმები?
-აქციების დაწყების დღიდან, ჩვენს გვერდით დგას მერაბ დვალის თვალის კლინიკა „მზერა“; ჰამბურგის ლაბორატორია, აბსოლუტურად უფასოდ იღებს ძვირად ღირებულ ანალიზებს, რომლებიც ხელმიუწვდომელია პაციენტისთვის და არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში; ჩვენს გვერდით დგას თურქეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ეკა ხომერიკი, რომელმაც რამდენჯერმე ჩამოიყვანა თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან ექიმები და სულ მალე დაიწყებენ რეგიონებში უფასო კონსულტაციებს, იგეგემება ონლაინკონსულტაციები.
ისე ვიცი, რომ სხვა კლინიკებმაც დაიწყეს ასეთი აქციები და ეს ძალიან კარგია. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის, რაც უფრო მეტი ექიმი ჩაერთვება ამ აქციაში, უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით. წლების განმავლობაში იმდენად მიუწვდომელი იყო ჯანდაცვა ადამიანებისთვის, რომ მართლა ყველას სჭირდება დახმარება.
– როგორც ვიცი, აფორმებთ მემორანდუმსაც?10864347_776380229077698_506762572_o
– დიახ. მემორანდუმი გაფორმებულია თითქმის ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტთან. 2014 წლის აპრილში მემორანდუმი გავაფორმეთ კახეთის გუბერნიასთან. მემორანდუმის მიხედვით: თუ პაციენტს თბილისში ჩამოსვლა სჭირდება, ჩამოდის და უფასოდ იტარებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლევას; ჩვენი კლინიკა და საინიციატივო ჯგუფი იღებს ვალდებულებას, რომ სამ თვეში ერთხელ ჩავალთ და გავეცნობით პრობლემებს;
ყველაზე კარგი ის არის, რომ უნივერსიტეტიდან შემოგვიერთდნენ სტუდენტები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი რეგიონებში ადამიანებს ყოველდღიურ საოჯახო საქმეებში დაეხმარონ.
– დრო…
– დრო არასდროს არ მაქვს. თუმცა, ყველაფერს ვასწრებ. მთავარია, იყოს ჯანმრთელობა. მე უფალი მაძლევს ძალას. ავად რომ ვხდები, ფიქრის დროც არ მაქვს და მავიწყდება. ოჯახში დედა მეხმარება. ჩემი შვილი ამაყია, რომ დედა ასეთ კარგ საქმეს აკეთებს და ადამიანებს ეხმარება.
ახლა თურქეთში კონფერენციაზე მივდივარ და შემდეგ ისევ გერმანიაში. გერმანიაში მოლაპარაკებები გვაქვს ქართველ ექიმებთან. იქ ძალიან კარგი უმაღლესი სკოლებია სანიტრების და ექთნების. გვინდა ჩვენი ექთნები და სანიტრები გადამზადდნენ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მომმართა ქალთა ძალადობის კუთხით და  ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს უფასოდ გავუწევთ სამედიცინო დახმარებას. თუ რეგიონებში არიან ეს ადამიანები, იქ ჩავალთ. საქმე ბევრია…

მზევინარ ხუციშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები