ირაკლი ნადარეიშვილი: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ახალი პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” 2024 წლის აპრილიდან ახორციელებს, 6 – მა კომპანიამ 8 ემისია განახორციელა და საფონდო ბაზრიდან 250 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი მოიზიდა. სააგენტოს ახალი პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. კერძოდ, „აწარმოე საქართველოში” კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში ეხმარება. ამ დროისთვის სააგენტოში 13 კომპანიის 17 განაცხადია შესული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი ფინანსური დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს.

„კაპიტალის ბაზრის მიმდინარე რეფორმა, ერთი მხრივ, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებას, მეორე მხრივ კი ბაზარზე მთელი რიგი ხელშემწყობი პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს. მათ შორისაა, სააგენტოს ახალი პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და განთავსებაში ეხმარება. კაპიტალის ბაზრის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომელიც ბოლო წლებში რამდენჯერმეა გაზრდილი,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, 2024-2028 წლებში, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარები მიიღებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები