“ყველაზე მთავარი მიზანი, რომელიც ამოძრავებდა და ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“, ეს არის ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და თითოეული ჩვენი ნაბიჯი ემსახურება ჩვენს სუვერენულ მიზნებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
კირცხალია “მედიის კანონის” დაინიციირების საკითხს გამოეხმაურა.
„კონკრეტულად ამ კანონპროექტის პაკეტებიდან, პირველი კითხვა, რაც შეეხება მედიასთან მიმართებით, პირველ რიგში, ეს ემსახურება მხოლოდ ერთადერთს და ძალიან მარტივია ამისი გაგება, ვისაც ამის გაგება რეალურად სურს. ამის აღქმაც ძალიან მარტივია. ეს არის უბრალოდ სტანდარტიზაცია, მაღალ სტანდარტებთან დაახლოება მთელი მედია სივრცის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს თუ რაოდენ სიძულვილის ენაა, რაოდენ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება ამა თუ იმ მედია საშუალებიდან. ეს იქნება სატელევიზიო, ბეჭდური, ონლაინ მედია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამას ფაქტობრივად არ არეგულირებს არაფერი და არ მოქმედებს ის სტანდარტები, რომელ სტანდარტებსაც შესაძლოა დაექვემდებაროს მედია.
რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას და ბრიტანულ მოდელს, ე.წ. BBC-ის სტანდარტს, როგორც მოვიხსენიებთ და მოიხსენიებენ, რომ ვფიქრობდით სანამ ეს ინიციატივა იქნებოდა, რა შეიძლება იყოს ყველაზე კარგი, ოქროს შუალედი მსოფლიო მასშტაბით, ავირჩიეთ ასე ვთქვათ, მეტრად, საზომად ბრიტანული მოდელი. მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება განხილვა და შეუძლიათ შემოგვთავაზონ ნებისმიერი სტანდარტი, რომელსაც ფიქრობენ, რომ გააუმჯობესებს მედია გარემოს და აღარ უნდა მოხდეს ქვეყანაში სიძულვილის ენის ტირაჟირება და ა.შ.
რაც შეეხება ოპოზიციას და ასე ვთქვათ, ოპოზიციური მედიების გამოხმაურებას ცენზურაზე, როდესაც ცენზურაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მედიები გვესაუბრებიან, ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლამდე საინფორმაციოში, ტექსტში წერტილ-მძიმეც არ იყო შეცვლილი არხებზე, ისე გადიოდნენ და ისე მიჰყავდათ წამყვანებს. ასეთი ავტორიტარიზმი და ასეთი ცენზურა ჰქონდათ დაწესებული. უბრალოდ სირცხვილია მათგან ამის მოსმენა. რომელ სიტყვის თავისუფლებაზე აქვთ საუბარი, 2012 წლის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და დაარეგისტრიროს ტელეკომპანია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.