„რთულია ფოტოგრაფიით ცხოვრება, მაგრამ მე მიყვარს სიძნელეები და გამოწვევები…“
„ხაშურის რაიონის სოფელ თაგვეთში ვცხოვრობდი. იქ დავიბადე და გავიზარდე. ეცინებათ, რომ ვამბობ, მაგრამ ასეა – ეს არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სოფელი. ბავშვობიდან ვხატავდი და ვფიქრობდი, რომ ამ გზას გავყვებოდი. მაგრამ სკოლის პერიოდში ჩემს ცხოვრებაში კინო შემოვიდა და დოკუმენტური ფილმების კინოოპერატორობა მინდოდა .
გავიდა დრო, სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე და მივხვდი კინოოპერატორობისთვის ფოტოგრაფია უნდა მცოდნოდა კარგად. მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი „სმენა“ და დავიწყე გადაღება. ვიღებდი ჩემს მეგობრებს და გარშემომყოფ ადამიანებს.“ – ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი.
– კინო თქვენს ცხოვრებაში…
– გახსოვთ, ალბათ, სოფლებში კინოკლუბები იყო. ძირითადად, ინდურ ფილმებს აჩვენებდნენ, მაგრამ აფიშის გაკვრაც კი დიდ ინტერესს იწვევდა. სეანსები ზაფხულობით იმართებოდა, საღამოს ძროხებს რომ მოწველიდნენ. სკამებიც არ ყოფნიდათ და სახლიდან მოჰქონდათ. ვთვლი, რომ ეს ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო.
ვუყურებდი „ილუზიონს“, სოფლის ბიბლიოთეკაში ვეცნობოდი ყველა ჟურნალს და წიგნს, რაც კინოს შესახებ არსებობდა. მერე აღმოვაჩინე, რომ თეორიულად უფრო ბევრი ვიცოდი კინოს შესახებ, ვიდრე ფილმი მქონდა ნანახი. მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან პატარამ დავიწყე და ვერ შევძელი. დავრჩი ფოტოგრაფიაში. თუმცა, ერთ მხატვრულ ფილმზე ოპერატორად მაინც ვიმუშავე. ირაკლი ფანიაშვილმა შემომთავაზა ფილმში „სერგო გოთვერანი“ მუშაობა. მან, როგორც რეჟისორმა, ამ შემთხვევაში გარისკა, იმიტომ, რომ მაშინ კამერა პირველად ავიღე ხელში და თამამი ნაბიჯი გადავდგი. უარს ვერ ვეტყოდი, რადგან ბავშვობის ოცნება ამისრულდა. რაც მთავარია, ფილმი კარგი გამოვიდა.
– ფოტოგრაფიაში როდის იყო ასეთი თამამი ნაბიჯი?
– ჩემთვის ფოტოგრაფია სიამოვნებაა. მე მხოლოდ იმ პროექტებს ვაკეთებ, რაც მომწონს და მსიამოვნებს. მე ვარ შემფასებელიც და პასუხისმგებელიც, ამიტომ ყოველთვის თავისუფალი და თამამი ვარ.
– მუშაობის პროცესში, სად გრძნობთ ყველაზე კარგად თავს?
– როცა ქალაქიდან გავდივარ, ვგრძნობ, რომ ვარ ბედნიერი. ქალაქი არ არის ჩემი გარემო. ვიცი, რომ ქალაქს თავისი ძალიან დიდი დადებითი აქვს, მაგრამ მძიმეა ჩემთვის. აქ ძალიან ცოტას ვმუშაობ და ვიღებ სოფლიდან ჩამოსულ ადამიანებს. შინაგანად ვგრძნობ სიახლოვეს იმათთან, ვინც ბუნებასთან ახლოს არის. ცოტა სხვანაირები არიან მიწასთან და ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანები.
– გადაღებამდე და გადაღების შემდეგ…
-ერთ რამეში ძალიან მიმართლებს – კეთილი ადამიანები მხვდებიან. ასეც ხდება – არის ფოტოები, რომლებსაც ჩემს გარდა ვერავინ ნახულობს. არის კადრები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უფრო მიყვარს. ორი მხარეა: ერთი, რომ მომაქვს კარგი კადრები, მეორე – ისტორიებით დატვირთული და ამბებით მდიდარი ვბრუნდები.
არის ძლიერი და სუსტი კადრები, მაგრამ, მთავარია, რომ მე ვიცი, რა ხდება თითოეული კადრის უკან და, რაც არ უნდა სუსტი ფოტოს იყოს, მის უკან საინტერესო ისტორიაა. ამიტომ, მიჭირს ფოტოების რედაქტირება.
– როგორ არჩევთ სოფლებს?
– მოგზაურობა მიყვარს. ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაურო. არის შემთხვევები, როცა მივდივარ ავტოსადგურში, ვათვალიერებ ავტობუსებს, ვეკითხები მგზავრებს, რა ხდება მათ სოფელში, ვჯდები და მივდივარ. სოფელში ჩასული, ყოველთვის გავიცნობ კარგ ადამიანს. თუმცა, ძირითადად, ვიცი, სად უნდა წავიდე და რა გავაკეთო.
– ფოტოკლუბი „გოროლევკა“…
– მახსოვს, ჩემს სოფელში რომ ჩავდიოდი, როგორი წინააღმდეგობა მქონდა. უცხო იყო – გოგო ფოტოაპარატით ხელში დადის და იღებს. ჩემს ოჯახსაც სირცხვილად მიაჩნდა. მაგრამ გავიდა დრო და ფოტოაპარატის გარეშე რომ დამინახონ, ახლა ის გაუკვირდებათ.
ვფიქრობდი, ხომ შეიძლება სოფლებში არიან ადამიანები, ვისაც უნდა, ისწავლონ ფოტოგრაფია, მაგრამ არავინ ეხმარებათ. ამიტომ, ძალიან მინდოდა საქართველოს რეგიონებში ფოტოკლუბები გამეკეთებინა და ადგილობრივი მოსახლეობა ფოტოგრაფიისთვის მეზიარებინა. პროექტი, რომელიც სოფელ გორელოვკაში განვახორციელე, ფონდმა „ღია-საზოგადოება საქართველომ“ დააფინანსა.
სოფელ გორელოვკას კარგად ვიცნობ. ვიცი, რა ხდება იქ, როგორი ურთიერთობებია, როგორ ცხოვრობენ და გადავწყვიტე ეს 6- თვიანი პროექტი იქ განმეხორციელებინა.
ამ ფოტოკლუბის წევრები არიან ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ შეიძლება გადაიღონ სამახსოვრო, პასპორტის ფოტო, მაგრამ ფოტოგრაფიაზე, როგორც ხელოვნებაზე არასდროს უფიქრიათ.
დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადმოსახლებული ქართველები. ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანიც ფოტოგრაფიის ხელოვნებასთან მოსახლეობის ზიარება და ამის მეშვეობით აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან უფრო დაახლოება იყო.
საწყის ეტაპზე ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის ფოტოკლუბი – გორელოვკა“ ფარგლებში შეირჩნენ მსურველები და ჩამოყალიბდა ფოტოკლუბი, რომელშიც გაერთიანდა 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ფოტომოყვარული. მონაწილეებს დაურიგდათ ფოტოაპარატები. ჟურნალ National Geographic-თან ერთად ვიმუშავეთ თემაზე „ქართველი მუსლიმები“. გავაკეთეთ გამოფენა-აქცია. ფოტოები აუქციონის სახით გავყიდეთ და შევიძინეთ ფოტოაპარატები. ჩავუტარეთ ვორქშოპები და სემინარები. მოეწყო ფოტოტურები. გადაღებების დროს პროექტის მონაწილე სოფლის მოსახლეობას უწევდა ერთად მოგზაურობა მახლობელ სოფლებში, რომლის დროსაც უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ. ფოტოკლუბის წევრების მიერ გადაღებული და შეკრებილი მასალებიდან მომზადდა და დაიბეჭდა ფოტოალბომი და ღია ბარათები ფოტოკლუბის წევრთა საუკეთესო ნამუშევრებით.
4 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის კულტურის სახლში გაიმართა სოფლის ფოტოკლუბის წევრების ნამუშევრების გამოფენა. ფოტონამუშევრები სოფლის მცხოვრებთა პირად შთაბეჭდილებებსა და ამ სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას ასახავდა, რაც საინტერესო მეგზურობას უწევდა დამთვალიერებელს მათ უჩვეულო სამყაროში.
10 დეკემბერს, ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ საგამოფენო დარბაზში ფოტოკლუბ „გორელოვკას“ კიდევ ერთი ფოტოგამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოკლუბ „გორელოვკას“ წევრების ნამუშევრები, რომლებიც სოფელ გორელოვკას ცხოვრებას გადმოსცემს.
საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებმა, მძიმე ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში, ფოტოგრაფიით აღმოაჩინეს, რომ არსებობს მშვენიერება თავიანთ გარემოში. შედეგი კარგია და მე ეს მომწონს.
– პროექტი დასრულდა. ფოტოკლუბი იარსებს?
– სამწუხაროდ, როგორც წესი, ასე ხდება, პროექტი მთავრდება და მუშაობაც მასთან ერთად. მაგრამ ამ პროექტში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ კლუბმა მუშაობა უნდა გააგრძელოს. ბევრი მსურველი გვყავს. გვინდა ერთი ოთახი, სადაც დაიკიდება ამ ფოტოკლუბის წევრების ნამუშევრები, გვექნება ბიბლიოთეკა და კომპიუტერი – ადგილი, სადაც კლუბის წევრები შეძლებენ შეხვედრას და ურთიერთობას. იმედი მაქვს, შევძლებთ ამის გაგეკეთებას.
– დუხობორები…
– სოფელი გორელოვკა, რომელიც სამცხე- ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს, რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორების რელიგიურმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა. დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადმოსახლებული ქართველები.
დუხობორები ეს არის ჩვენი ქვეყნის კულტურა, რომელიც, სამწუხაროდ, შეიძლება ხვალ აღარ იყოს. ამ სოფელში არის თეთრი სახლები ცისფერი კარ-ფანჯრებით, რომლებიც უკვე კულტურული მემკვიდრეობაა. არის ძველი რუსული-უკრაინული ხატა, რაც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. ბუხრები, რომელთა ოსტატებიც დღეს აღარ არიან. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ნადგურდება.
ძალიან მშრომელი ხალხია, რუსული ხასიათით და კეთილგანწყობილნი. საინტერესოა მათი დამოკიდებულება და შეხედულებები რელიგიისადმი, ლეგენდების მიმართ. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ სამყაროში აღმოვჩნდი.
– და როგორ აღმოჩნდით ამ სამყაროში?
– უბრალოდ ინტერესი გამიჩნდა ჯავახეთის მიმართ და ვთქვი, რომ უნდა წავიდე. წავედი ისე, რომ იქ არვის არ ვიცნობდი. პირველივე დღეს რომ ჩავედი სოფელ გორელოვკაში, მოვხვდი დაკრძალვაზე. მე მერიდებოდა, მათ კი ჩვეულებრივად მიმიღეს. მომეწონა დაკრძალვის რიტუალი, თეთრი ფერის სამოსში ჩაცმული ქალები, გალობა – იქ ტირილი აკრძალულია, ტანსაცმელზე ყველა ნაკეცს თავისი სიმბოლო აქვს. საერთოდ, ჯავახეთში რაღაც მისტიკური სამყაროა. მე მჭირდება ეს გარემო ცხოვრებისთვის. ფოტოგრაფია ჩემთვის სიამოვნებაა. ფოტოგრაფია და ჯავახეთი კი ერთმანეთს ეხამება.
– ფოტოგრაფიით ცხოვრება რთულია?
– რთულია, მაგრამ მე მიყვარს სიძნელეები და გამოწვევები. დღეს ფოტოგრაფია ძალიან მოდურია, მაგრამ სათანადო ყურადღება არ ექცევა მის განვითარებას. იმისათვის, რომ ფოტოგრაფია განვითარდეს, აუცილებელია მცირე გრანტები, რომ ფოტოგრაფს შეეძლოს თავის დაწყებულ პროექტზე მუშაობა. მაქვს პროექტები, რომელზეც ვმუშაობ, მაგრამ ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მაქვს ფინანსები. ძვირად ღირებული პროფესიაა, მე კი ღარიბი ფოტოგრაფების რიგში ვარ. ჩემი შვილი მეხუმრება, შენ მუშაობ იმისთვის, რომ ერთ დღეს ფოტოაპარატი იყო.
გარდა ამისა, არ არსებობს ფოტოკრიტიკა, რის გამოც რთულია ფოტოგრაფიის ფოტოხელოვნებად აღქმა.
– საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობთ?
– არა, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის ტრაგედია. საქართველო ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა. აქ უამრავი რამეა საინტერესო და გადასაღები. ნეტავ, ამის საშუალება მქონდეს, უცხოეთში შეუძლიათ სხვები წავიდნენ.
მზევინარ ხუციშვილი