პრემიერი: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სასტუმრო “რედისონში” გააკეთა.
მისი თქმით, გიორგი ზედელაშვილი უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივნის მოადგილედ გადადის.
როგორც პრემიერმა განაცხადა, შს მინისტრის პირველ მოადგილედ ვახტანგ გომელაური, მოადგილეებად კი სდსს-ს ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნება.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი შიდა უწყებრივი გადაადგილება განვახორციელოთ, კერძოდ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაინიშნება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ. გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიერით ეს საბჭო, ამიტომ საჭირო იყო გარკვეული რეფორმირების დაწყება საბჭოში, ეს ცვლილებები ინსტიტუტების განვითარებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება, ვახტანგ გომელაური იქნება შს მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ასევე ჭიკაიძის მოადგილედ გადავა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მისი უფროსის თანამდებობაზე ვაბრუნებთ ყოფილ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qjAn8z-5YeQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები