„შეუპოვრობით და შრომისმოყვარეობით რადიოში 15 წელი ვიმუშავე…“

             „დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, არქეოლოგიის სპეციალობით. სამწუხაროდ, ერთი დღეც არ მიმუშავია ამ მიმართულებით. ვერ მოვახდინე საკუთარი თავის რეალიზება. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და არქეოლოგიისთვის არავის ეცალა. თუმცა, ძალიან მომწონდა და მიყვარდა ჩემი სპეციალობა“. – ჟურნალისტი, მოზარდმაყურებელთა თეატრის პიარმენეჯერი თათია პაქსაშვილი.

– პროფესიის არჩევის დროს, ოჯახის წევრებისგან თუ იყო შემოთავაზებები?
– დედას სურდა პრაქტიკული პროფესია ამერჩია, რომელიც გამომადგებოდა ცხოვრების გზაზე. მაგალითად, გამოვსულიყავი ფარმაცევტი. მამზადებდა  ქიმიასა და მათემატიკაში. თუმცა ტექნიკური საგნების მიმართ მიდრეკილება და ინტერესი საერთოდ არ მქონდა. ამიტომ ჩემთვის ეს ყოველივე ტანჯვა იყო. ბავშვობიდან დავდიოდი ცეკვაზე. ჯერ ვეუფლებოდი: ქართულ ხალხურ ცეკვებს, შემდეგ კი ევროპულმა, სამეჯლისო ცეკვებმა გამიტაცეს. დავდიოდი სტუდია „თელაში“. მსურდა ცეკვას გავყოლოდი და ჩემი ცხოვრების მეგზურად მექცია. მიუხედავად იმისა, რომ დედა თავის დროზე ცნობილ ქორეოგრაფ მიშა ბახტაძესთან ცეკვავდა „მხატვრული აღზრდის სახლში“, მაინც წინააღმდეგი იყო, გავყოლოდი ცეკვას. მამა ამ მხრივ სრულ თავისუფლებას მანიჭებდა.  იყო პრიოდი, როცა თეატრალურ ინსტიტუტზეც ვფიქრობდი, თუმცა შემდეგ არქეოლოგიამ გადამძალა.  სიძველეები და აღმოჩენები მიტაცებდა.
– რადიო…10846563_775251302523924_554902473_n
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვე საბავშვო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.  ჩვენი ბაღის დირექტორი, რომელიც ერთ დროს ჩემი სკოლის სასწავლო ნაწილი გახლდათ, დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. ბაღთან არსებულ კერძო სკოლაში სურდა ჩემი გადაყვანა ისტორიის მასწავლებლად. იმ დროს ფინანსური თვალსაზრისით უეკეთესი სამსახური გამოჩნდა და კერძო კორპოროციაში დავიწყე მუშაობა ( ეს ის პერიოდი იყო, როცა მამა უკვე გარდაცვლილი იყო და ოჯახი ფეხზე უნდა დაგვეყენებინა).
ნახევარი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ კორპორაციაში ჩემი ადგილი არ იყო, რადგან საქმე, რომელიც ჩამაბარეს, რუტინული და მოსაწყენი აღმოჩნდა. მამის ბიძაშვილი, ვახტანგ ნანიტაშვილი მაშინდელი ტელე-რადიო კომიტეტის დირექტორის მოადგილე გახლდათ, მაშინდელ „საქართველოს რადიოს“ ხელმძღვანელობდა. მისი დახმარებით მოვხვდი რადიოში.
წერა ბავშვობიდან მეხერხებოდა. ძირითადად, თავისუფალ თემებს ვწერდი, რომლებსაც სკოლაში სწავლის პერიოდში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სამასწავლებლოში საჯაროდ კითხულობდა. მაშინვე მქონდა დამოკიდებულება და „რევოლუციური“ გამოსვლები  ერთფეროვანი პედაგოგების წინააღმდეგ, რომლებსაც გარდატეხის ასაკში მყოფი მოწაფეების არ ესმოდათ, ვწერდი  მოვლენებზე საკუთარი დამოკიდებულების შესახებ, მოკლედ მეამბოხე ვიყავი,  რაც შემდეგ რადიოში, ჟურნალისტად მუშაობის პერიოდში გაგრძელდა.  ხუთი წლის განმვალობაში შტატგარეშე კორესპოდენტად ვმუშაობდი. ვიღებდი ძალიან მიზერულ ხელფასს. შეიძლება ითქვას, ხელფასი არც მქონდა. დამოკიდებული ვიყავი ჰონორარზე, რომელსაც სიუჟეტის რაოდენობის მიხედვით წერდნენ ან საერთოდ არ წერდნენ.  ხელფასის აღების დროს  უზარმაზარი რიგი იდგა.  კარგად მახსოვს რადიოში აღებული პირველი ხელფასი. მოლარე თავად ჩავარდა უხერხულობაში, როდესაც ფანჯრიდან 4 ლარი გამომიწოდა.  სირთულეებს არასოდეს ვუფრთხოდი, როცა წინააღმდეგობას ვხედავდი, მეორე სუნთქვა ირთვებოდა. გამუდმებით  ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. შეუპოვრობით, საქმისადმი სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით  რადიოში 15 წელი ვიმუშავე, მაგრამ უკვე შტატიანი ჟურნალისტი ვიყავი.
– როგორც ვიცი, სხვადასხვა კუთხით მუშაობდი…10685021_775251315857256_1820592545_n
– ვიყავი დილის გადაცემის წამყვანი, მქონდა საავტორო გადაცემა „ჩვენი დროის კულტურა“, აგრეთვე საავტორო რუბრიკები. მუშაობა ახალგაზრდული რედაქციიდან დავიწყე . მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა იწერებოდა, დღემდე მახსოვს ჩემი აკანკალებული ხმა, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს. მადლიერება მინდა გამოვხატო  მაშინდელი ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მისამართით, მადლობა გადავუხადო ნინო კვარაცხელიას იმ რუბრიკებისთვის, რომელთა მომზადებაც მანდო.
შემდეგ იყო ინფორმაციის მთავარი რედაქცია, სადაც  წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ამ რედაქციის ერთგული ვრჩები დღემდე.  ჩემი რედაქტორი ლია კამლაძე დიდი სიმკაცრით ეკიდებოდა სიუჟეტებს.  მახსოვს, როგორ მიჩეხავდა. მისი მხრიდან ეს იყო ერთგვარი გამოცდა, გავტყდებოდი თუ არა, ჩამოვყალიბდებოდი თუ არა ისეთ პროფესიონალად, რომელიც ღირსი იქნებოდა რადიოში მუშაობის.  მეც „კერკეტი“ კაკალი აღმოვჩნდი. არა მხოლოდ კულტურის სფეროს გაშუქებას მავალებდა, არამედ პოლიტიკურ თემებზე მუშაობასაც მთხოვდა. ჩემი იმედი ჰქონდა, რომ აუცილებლად გავაკეთებდი. რესპონდენტს, რაც არ უნდა რთული მოსახელთებელი ყოფილიყო, ვიპოვიდი და ჩავწერდი. ასე იყო: დიდი მაესტრო ჯანსუღ კახიძის შემთხვევაში, რომელსაც სპექტაკლამდე რამდენიმე წუთით ადრე ღიმილით შევუღე კარი და, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუზე წინასწარ შეთანხმებული არ ვყოფილვარ, ღიმილითვე დავითანხმე. ეს ფაქტი რადიოშიც გაუკვირდათ.
ბოლო პერიოდში ვიყავი პროგრამა „პიკის საათის“ წამყვანი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი, რუბრიკების ავტორი. გადაცემა „ჩვენი დროის კულტურა“ კვირაში ერთხელ გადიოდა. ანალიტიკური ხასიათის გადაცემა იყო და მე  სრულიად თავისუფალი ვიყავი თემებისა და რესპონდენტების შერჩევაში.   მუსიკალური გამფორმებელიც თავადვე ვიყავი. „Я сама пела и танцевала“. რუსულად კარგად ჟღერს.
– იყო რთული პერიოდიც…
– სამწუხაროდ, ჩემი ყველაზე საყვარელი პროფესია დამატოვებინეს. რთული გზა გავიარე. მე ვიყავი არა მხოლოდ კულტურის სფეროს ჟურნალისტი, ვაშუქებდი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებსაც, როცა ეს საქმეს ჭირდებოდა: მიტინგები, „ვარდების რევოლუცია“,  ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა – ბევრი რამ გადავიტანე.  ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც რეპორტიორისთვის, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ერთგვარი ადრენალინი მოქმედებდა, მაგრამ ამ ყველაფერს  სტრესიც ახლდა თან.
2011 წლის ბოლოს, ჩემი ადგილი რადიოში აღარ აღმოჩნდა. მიზეზი, როგორც ყოველთვის, ყველგან ერთია – ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა.  ნამდვილად არ ველოდი ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა, ალბათ, მაინც მოსალოდნელი იყო. ბევრს არ სიამოვნებდა იმ სოციალური თემების მოსმენა, რომელიც საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი და რომელთაც მე გადაცემებში ვეხებოდი. მაგალითისათვის მოვიყვან მხატვრული ფილმის პრემიერას „აგვისტოს 5 დღე“, რომელსაც მწვავე კრიტიკა მოყვა, თბილისის არქიტექტურულ განაშენიანებას, გაუმართავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ა.შ.    არასდროს დამავიწყდება 2012 წლის შობა.  თუმცა, ბოღმა და სიძულვილი არ ჩამიდია. დღემდე „რადიო 1“-თან ვთანამშრომლობ. ეს ჩემი პირველი ოჯახი იყო და დღემდე ასეა. ძალიან ბევრი კარგი რამ მაკავშირებს რადიოსთან. პირველ რიგში,  პროფესიული ზრდის თვალსაზრისით. თუ რაიმე ვისწავლე, სწორედ რადიო 1 -ს უკავშირდება.
– თეატრი… 10836168_775251312523923_938054831_n
 – თეატრი ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა. დედას  ხშირად დავყავდი სპექტაკლებზე. ვერ ვიტყვი, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრის ხშირი სტუმარი ვიყავი, უფრო აკადემიურ თეატრებში დავდიოდით. მიუხედავად ჩემი მცირე ასაკისა, ვნახე სპექტაკლები: „ჯაყოს ხიზნები“, „კავკასიური ცარცის წრის“ პირველი შემადგენლობა და შემდეგ უკვე რადიოს წყალობით ყველა შემადგენლობა. რადიოში, ძირითადად, თეატრს და კინოს  ვაშუქებდი. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხითაც ძალიან დამეხმარა რადიო, გამზარდა და ჩამომაყალიბა კარგ ჟურნალისტად. ჟურნალისტის ამპლუაში ვესწრებოდი ყველა თეატრალურ თუ კინოფესტივალებს, ვწერდი ინტერვიუებს საერთაშორისო დონის ვარსკვლავებთან, ვესწრებოდი წარმოდგენებს, ჯაზ-ფესტივალებს, კონცერტებს. მოკლედ მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდი.
რადიოდან რომ წამოვედი, წელიწადი და სამი თვე  კარდაკარ, CV-ით ხელში დავდიოდი, უშედეგოდ. ყველა კარი ღიმილიანი უარით იხურებოდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო სამი თვე გიორგი კარბელაშვილის საარჩევნო შტაბის პიარჯგუფში ვიმუშავე. ძალიან დამეხმარნენ მისი მეუღლე და თავად გიორგი. ბარიკადის რომელ მხარესაც არ უნდა ვიდგეთ, ყოველთვის ადამიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ძალიან მადლიერი ვარ კარბელაშვილების. ამ სიკეთეს მათ ალბათ ვერასდროს გადავუხდი. მეგობრების დახმარებით შევიტყვე, რომ  მოზარდმაყურებელთა თეატრს არ ჰყავდა პიარი და მოვაკითხე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა უარი ვერ მითხრა და თეატრისთვის სპონსორების მოძიება შემომთავაზა.  ჩვენს ქვეყანაში სპონსორების მოძიება რომ რთულია, ეს უცხო არავისთვის არ არის. მითუმეტეს, თუ ნაცნობი ან გულშემატკივარი არ გყავს. ამ კუთხით ჩემმა მოღვაწეობამ სრული ფიასკო განიცადა.  ერთ დღეს თეატრის დირექტორთან ლიკა წულაძესთან  შევედი. მითხრა, რომ აღდგენილი „კუკარაჩას“  პრემიერისთვის ემზადებოდნენ და მისი გაპიარება იყო საჭირო.  მეორე დღეს რამდენიმე ტელევიზია და რადიო მოვიყვანე. იმ დღიდან მოზარდმაყურებელთა თეატრის პიარი ვარ.
– მანამდე პიართან გქონდა შეხება?
–  უფროსი თაობის კოლეგებს რომ ვუყურებდი რადიოში, შიში მიპყრობდა და ვფიქრობდი, ნუთუ მეც ამდენი ხნით მომიწევდა დარჩენა (არ მინდა, ვინმემ ცუდად გაიგოს, მათ საკუთარი საქმე ფანატიზმამდე უყვართ, მთელი ცხოვრება რადიოს შესწირეს და რადიოს იქით წასასვლელი არც აქვთ)? საზოგადოებრივი მაუწყებელი გაყინულ და გაქვავებულ სივრცეს დაემსგავსა.  ძალიან მინდა, რომ განვითარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შენობას არაფერი ეშველა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი ჩემს პროფესიულ ზრდაზე. 2007 წელს, რადიოს რამდენიმე თამაშრომელთან ერთად პიარის კურსები გავიარე ბიზნესტრენინგის ასოციაციაში. ეს იყო პიარის მოკლე კურსი  თორნიკე გურულთან ერთად. ინტუიციურად ვხვდებოდი, რომ ამ კუთხით უნდა გამეგრძელებინა მუშაობა.
2007 წელს ჩვენმა ჯგუფმა პიარკურსის გამოცდა რეზონანსული გამოფენით „მინდა გავხდე პრეზიდენტი“ ჩავაბარეთ. გადავწყვიტეთ, პრეზიდენტობის კანდიდატების ბავშვობის სურათები გამოგვეფინა. ბადრი პატარკაციშვილის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებიც კი მოვიპოვეთ. კარგი გამოფენა გამოვიდა. ყველა მედიასაშუალება მოვიდა, მათ შორის უცხოურიც. გვესტუმრნენ ლევან გაჩეჩილაძის შვილები, ირინა სარიშვილი. კარგი პიარი გავუკეთეთ. ბავშვობა ხომ იცით, მაინც დადებით ემოციებთან ასოცირდება.
– ხშირად ვწუწუნებთ, რომ რთულია საქართველოში საკუთარი თავის რეალიზება. როგორ ფიქრობ, ეს მხოლოდ ჩვენი თაობის პრობლემაა?
– ზოგჯერ ამბობენ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდეო. ამის ნამდვილად არ მჯეროდა ერთი წლის და სამი თვის განმავლობაში. ვფიქრობდი, რომ რადგან ბევრი მეგობარი, ნაცნობი, გულშემატკივარი მყავს, უმუშევრობის პრობლემას ადვილად მოვაგვარებდი. 15 – წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში ცოტა ხომ არ არის? მჯეროდა, რომ პროფესიონალიზმი, პროფესიისადმი ერთგულება, შრომისმოყვარეობა, ფასდება. მაგრამ სახლში ვიჯექი და არსაიდან ხმა არ იყო. სამწუხაროდ, დღეს ამ მდგომარეობაში ბევრი ჩემი მეგობარია. მათი პროფესიონალიზმის და გამოცდილების მიუხედავად, სახლებში სხედან და ელიან „ცის გახსნას“ . მეგობრების მადლიერი ვარ, ეს რთული პერიოდი მათ გადამატანინეს. მეპატიჟებოდნენ თეატრებში, სხვადსხვა ღონისძიებებზე, რაც დიდი სტიმულის მომცემი იყო.
მოზარდმაყურებელთა თეატრშიც მეგობრებმა მირჩიეს მოვსულიყავი და ასე აღმოვჩნდი საჭირო დროს, საჭორო ადგილას. ალბათ, არსებობენ ადამიანები, ვინც ალღოს უღებს სიტუაციას და თავიდანვე ხვდებიან, რომ მათ სჭირდები. ასეთივე ალღო ჰქონდათ ლიკა წულაძეს და დიმიტრი ხვთისიაშვილს.
სამწუხაროდ, ჩვენ დაკარგული თაობა ვართ. 80-იან წლებში უფროსი თაობა ხშირად გვეუბნებოდა: თქვენ  არ გამოგივლიათ ომი, არ იცით, რა არის პურის რიგში დგომა, შიმშილი, სიცივე. იმდენი გვაძახეს, 1988 წლიდან რომ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ჩემი თაობის ადამიანები ზოგი ომში, უაზრო გარჩევებში დაიღუპა, ზოგი სასმელს მიეძალა, ზოგი საზღვარგარეთ გადაიხვეწა და აღარ ჩამოდის. მართლებიც არიან. ადრე ძალიან ოპტიმისტი ვიყავი, ახლა სხვანაირად ვუყურებ მოვლენებს. არც მე  ჩამოვიდოდი და წასასვლელი რომ მქონდეს, წავიდოდი.
– უნდა ვთქვათ, რომ შენი და დიმიტრი ხვთისიაშვილის მისვლის შემდეგ მოზარდმაყურებელთა თეატრი აქტიური გახდა…
– ეს არის გუნდური მუშაობის შედეგი. დიმიტრი ხვთისიაშვილი, ლიკა წულაძე, საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამების მენეჯერები ერთად ვმუშაობთ, რომ თეატრმა აღიარება მოიპოვოს და მაყურებელი  კმაყოფილი დაგვრჩეს. რაც მთავარია, შენი საქმე უნდა გიყვარდეს. მთელი სული და გული უნდა ჩადო ამ საქმეში.
დიმიტრი ხვთისიაშვილის მოსვლის შემდეგ თეატრში ქასთინგი ჩატარდა. მივიღეთ ახალი, ნიჭიერი და პერსპექტიული მსახიობები. რამდენიმეს, ვინც ქასთინგი ვერ ან არ გაირა, მოუწია წასვლა თეატრიდან. მესმის, რომ რთულია, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მაგრამ ალბათ ასე სჭირდებოდა თეატრის სამომავლო შემოქმედებით პროცესს. ბატონი დიმიტრის მოსვლის შემდეგ  ბევრი სპექტაკლი დაიდგა და განახლდა. თეატრის კარი გაიხსნა სახელოვანი და ახალგაზრდა რეჟისორებისთვის. მედეა კუჭუხიძემ, ლევან წულაძემ, დათა თავაძემ, ნიკოლოზ საბაშვილმა, გოგა ქაჩიბაიამ, გიორგი ქანთარიამ, გურამ ბრეგაძემ, ლევან ქობლიანიძემ, მანანა ბერიკაშვილმა, ოთარ ბაღათურიამ, ლილი ბურბუთაშვილმა დადგეს სპექტაკლები.  ექსპერიმენტულ სცენაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ნიკა საბაშვილი ამზადებს  პროექტს „1945“. 20 დეკემბერიდან მცირე სცენაზე შედგება დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლის „ახალი წლის ღამის კოსმიური სტუმრების“ პრემიერა ( ქართულ და რუსულ ენებზე), ოთარ ბაღათურია ახალი წლისთვის ამზადებს „წითელქუდას“ . როგორც ხედავთ, თეატრი ნელ-ნელა იკრებს ძალებს და ჯდება თავის კალაპოტში. მერწმუნეთ, ბოლო პერიოდში ბევრი კარგი სპექტაკლია დადგმული, როგორც საბავშვო ისე მოზარდებისთვის.
გარდა ამისა, მაყურებელი უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ მოზარდმაყურებელთა თეატრი არ არის მხოლოდ საბავშვო რეპერტუარით დატვირთული თეატრი. თუ ადრე საღამოს სეანსის სპექტაკლებს უჭირდათ, ახლა,  საბედნიეროდ, ეს პრობლემა  ნელ-ნელა გვარდება. მაყურებელმა ისწავლა და მოდის.
– თეატრი აქტიურად არის ჩართული სსხვადასხვა ღონისძიებებშიც…10754795_775251305857257_1033430187_n
– რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, მხოლოდ სპექტაკლებით არ შემოვიფარგლოთ და სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა.
გასულ წელს გავაკეთეთ საქველმოქმედო აქცია და კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დავეხმარეთ. სოლიდური თანხა გადავრიცხეთ. გვაქვს საქველმოქმედო სპექტაკლებიც. ახლა შევუერთდით შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას – „არა ძალადობას“ და ფოტოგამოფენა-აქცია – „გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!“მოვამზადეთ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძალადობის თემატიკაზე გადაღებული 20-მდე შავ-თეთრი ფოტო. რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ  ძალადობის ამსახველი სცენები დადგა, ხოლო ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ აღნიშნული სცენები გადაიღო.
პროექტში 26 მსახიობი მონაწილეობდა. ისინი  ძალადობის თემაზე დადგმულ სცენებს განასახიერებდნენ.
ვფიქრობ, რაც უფრო მეტი სიხშირით იტრიალებს საზოგადოებაში მოზარდმაყურებელთა თეატრი საკუთარი აქტივობებით და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე შეაჩერებს ყურადღებას, მით უფრო გაიზრდება ინტერესი ყველა კუთხით.
– ხშირად გვესმის საყვედურები მედიის მიმართ, რომ კულტურას ძალიან ცოტა დროს ვუთმობთ…
– სამწუხაროდ, ასეა.  ქვეყანა ვერ დალაგდა, ვერ დაწყნდარდა,  მუდმივი უკმაყოფილებაა, გარე თუ შიდა პრობლემები გვაქვს, რაც პირდაპირ აისახება ჩვენზე და მედიაზე. თუმცა მე რომ საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი ვიყო, გამოშვებას დადებითი ინფორმაციებით დავიწყებდი. პირველ ბლოგს კულტურას დავუთმობდი, მერე დანარჩენ ყველაფერს. ადამიანებისთვის სულიერი საზრდო აუციელებელია. ყველანი დავიღალეთ ამდენი ნეგატივით, რაც, ჩემი აზრით, ისევ ძალადობისკენ და აგრესიისკენ წაქეზების ტოლფასია. კულტურა უპირატესი უნდა იყოს მედიისთვის და არა მხოლოდ მისთვის.

მზევინარ ხუციშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები