საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერმა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე სათანადო რეაგირებისათვის საქართველოს ძლიერი დაზვერვის სამსახური სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და საქართველოს ხელისუფლების წინმსწრები ინფორმირებულობა რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„გასულ წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურს არ ჰქონდა ხელისუფლების სათანადო მხარდაჭერა. რომ არა ამ სამსახურის მიმართ მათი არაჯეროვანი დამოკიდებულება, ჩვენი ქვეყანა ბევრ დიდ პრობლემას აიცილებდა თავიდან. დღეს საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს დაზვერვის სამსახურის გამართულ და ეფექტურ მუშაობას, რადგან ეს სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პარტნიორ სპეცსამსახურებთან ინტენსიური კავშირების განვითარებას, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, აუცილებელია უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.
დავით სუჯაშვილმა პრემიერ-მინისტრს გასული ათი თვის ანგარიში ჩააბარა და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე მოახსენა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FwiyZI_oLGE” width=”560″ height=”315″]