გიორგი ბალახაშვილი –არაფერიც მაწერინებს და ყველაფერიც
„მინდა დავბრუნდე სოხუმში და თბილისური ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად დამრჩეს. ვიცი უთბილისოდ ცხოვრება ძალიან, გამიჭირდება, მაგრამ მინდა, საკუთარ სახლში –სოხუმში!“– ამბობს იგი.
გიორგი, სოხუმში დაიბადე. როგორ დაგამახსოვრდა სოხუმი?
სოხუმს რაც შეეხება, სიმართლე გითხრა, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. დედას გავყავდი ხოლმე ზღვის ნაპირზე და მასეირნებდა. ტალღების ხმა ყოველთვის მაწყნარებდა, ალბათ ეს ბავშვობის დროინდელი ნოსტალგიაცაა. მახსოვს ზღვისპირა სახლი, სადაც მუდამ სტუმრიანობა იყო ხოლმე. მამა ქორეოგრაფი იყო, მთელი სოხუმი იცნობდა და ხშირად იყრიდნენ ხოლმე თავს ჩვენს ოჯახში მისი მეგობრები სხვადასხვა სფეროდან.
რამდენი წლის იყავით სოხუმი რომ დაეცა?
5 წლის ვიყავი, ჩვენი სახლის წინ ყუმბარა ჩამოვარდა და მრავლობითი ჭრილობები მიიღო ჩემმა დამ. დედამ ეს რომ დაინახა, ბავშვს ხელი სტაცა და პირველივე საავადმყოფოში გააქანა, მაგრამ უთხრეს, რომ ვერაფერს უშველიდნენ და თბილისში გადმოფრინდა, მე კი მარტო დავრჩი სარდაფში, რადგან მამა იბრძოდა. როდესაც სახლში მოვიდა და ყველაფერი ვუამბე, დამავლო ხელი და შევუდექით ჭუბერის გზას. მახსოვს თოვლი და მიცვალებულები, რომელთა შორისაც მოვაბიჯებდით ზღვა ხალხთან ერთად…
მამას არაერთხელ უთქვამს, რომ მარტო ვერ შეძლებდა გადმოსვლას… მე ჩემი ბავშვური ჟინით და გაუცნობიერებელი სურვილით გადარჩენისა გამოვაღწევინე იქიდან, საიდანაც ბევრმა ვერ შეძლო გამოსვლა. თბილისში რომ ჩამოვედით, დედას და თამუნას სამთო ქიმიის შენობაში მივაკვლიეთ. მაშინ იქ ბავშვთა საავადმყოფო იყო. თამუნა ჯერ კიდევ კომაში იყო, მაგრამ ღვთის წყალობით გადარჩა. შემდეგ შაქრის თუ პურის რიგში მდგომები ერთმა ღვთისნიერმა კაცმა შეგვამჩნია და გამოგვეცნაურა. როდესაც ჩვენი ისტორია მოისმინა, თავისთან წაგვიყვანა და დაგვაბინავა. ეს ადამიანი ბიძინა მიხელიძეა. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ამ ადამიანის სიკეთე.
როდესაც თამუნა მომჯობინდა, ბატონმა ბიძინამ ერთი ოთახი გამოგვიყო ელმშენი ქარხნის სანატორიუმში, სადაც სხვა დევნილებიც ცხოვრობდნენ. დედა, მამა, თამუნა და მე ვცხოვრობდით ერთ ოთახში, დაახლ. 15 კვადრატულ მეტრში, ძალიან გაუსაძლის პირობებში, მაგრამ არ გვათოვდა და არ გვაწვიმდა. შემდეგ მამამ ძველ პროფესიას მიჰყო ხელი და აფხაზეთის განათლების სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერიონი“, რომელიც დღემდე აგრძელებს არსებობას და მისი ხელმძღვანელი მამას მეგობარი, ბადრი უგრეხელიძეა.
როდის აღმოაჩინე რომ წერა შეგიძლია? პროფესიით პოლიტოლოგს რატომ მოგინდა ლექსები გეწერა?
ლექსებს მამაც წერდა, მაქვს ძველი რვეულები მისი ხელნაწერი ლექსებით… დედასაც ქონია წერის ნიჭი, ისიც წერდა თურმე ახალგაზრდობაში. გენებში მაქვს, მაგრამ მე აღმოვაჩინე საკუთარ თავში ეს ღვთისგან ბოძებული საჩუქარი მაშინ, როდესაც პირველად შემიყვარდა.
სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა. სტუდენტობისას გოგო შემიყვარდა ნამეტნავად და.. ყავისფერი ხუჭუჭა თმით, გამჭოლი მზერით, ერთი შეხედვით სადა, მაგრამ მომხიბვლელი გარეგნობით, მაგრამ არ მიმიშვა თავისთან. ახლა მეგობრები ვართ. (იღიმება)
რა გაწერინებთ?
ჩემი პოეზია აბსტრაქციაა. არაფერიც მაწერინებს და ყველაფერიც.
წერის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
ვწერ კონვენციურ ლექსებს. არ მომწონს ვერლიბრები, სიტყვებთან კირკიტი მიზიდავს და ხშირ შემთხვევაში „ვოხუნჯობ“ ხოლმე სიტყვებით.
სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების მონაწილე ხართ. მოგვიყევით ამის შესახებ ?რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის მონაწილე გახლავართ. როდესაც გალაკტიონობა 2010 ჩატარდა, გალაკტიონისადმი მიძღვნილ საკონკურსო ლექსებთა შორის იყო ჩემი ლექსიც, რომელიც საუკეთესო ათეულში შევიდა. ასე გავხდი გალაკტიონისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის ავტორი. ხალხმა მეტნაკლებად გამიცნო და ჩემი მსმენელი შევიძინე. მათ შორის პოეტებიც არიან. მათი აზრი ძვირფასია ჩემთვის.
როგორ ფიქრობთ თქვენს ლექსებს შორის რომელია საუკეთესო?
ყველა ლექსი გამორჩეულად მიყვარს და არ ვანსხვავებ ერთმანეთისგან.
კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?
ჯანსაღი კრიტიკა, დიახ მისაღებია. აუცილებლად ვითვალისწინებ.
თანამედროვე ქართველი პოეტებიდან ვის გამოარჩევდით?
ბევრი კარგი პოეტი გამოიკვეთა დღეს საქართველოში: გიორგი საჯაია, რობერტ მესხი, რეზო გეტიაშვილი, ლელა სამნიაშვილი.ბევრია ჩამოთვლა ძნელია.
პირველი ლექსი რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე.
გალაკტიონ ტაბიძის „ეფემერა“
რას უსურვებდით დღევანდელ ქართულ ლიტერატურას, ხელოვანებს და მკითხველს?
„ სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა“… გალაკტიონს დავესეხები: “პოეზია უპირველეს ყოვლისა!“
რა ფერები არიან გიორგის გარშემო ადამიანები?
ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ფოსტაში, ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა.ასევთქვათ ფერადი სამყაროა ჩემს გარშემო. ვერ ვიტან შავთეთრ ადამიანებს. ჩემს ირგვლივ კეთილი და მხიარული ადამიანები არიან…
გიორგი დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობთ. როგორი შვილი, ძმა არის გიორგი?
ურჩი შვილი და ლმობიერი ძამიკო. დედას სულ ვაბრაზებ ხოლმე, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს! (იცინის)მე ვარ ძმა, რომელსა ყველაზე მეტად უყვარს დაიკო. მე ვარ ძმა, რომელიც ცდილობს, რომ საუკეთესო დაიკოს საუკეთესო ძამიკო იყოს.
ბევრი მეგობარი, ნაცნობი პოეტი გყავთ ალბათ.
როგორი მეგობრები ხართ, გიხარიათ ერთმანეთის კარგი ლექსი?რა თქმა უნდა, ყოველთვის მიხარია ხოლმე მეგობრის წარმატება, კარგი შემოქმედებითი ტალღა და ახალი ლექსები.ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ ნააზრევს.
ახალგაზრდა პოეტს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?!
ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ახალგაზრდები დაუსაქმებელნი არიან და დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ.
შეყვარებულია პოეტი?
სიმპატიები მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი. დრო გვიჩვენებს( იღიმება)
ბედნიერად რომ იგრძნოთ თავი, რა არის ამისთვის საჭირო?
ხშირად ბედნიერებისთვის მცირედიც კი კმარა. ჩემი აზრით ბედნიერებაა, როცა გახარებს თითოეული დღე, რომელსაც გაატარებ შენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ ყოველგვარი ანგარების გარეშე! ბედნიერებაა როცა ქუჩაში გაღიმებულ სახეებს ხედავ.
ბუნებრივია, ცხოვრებაში გარკვეული წინააღმდეგობები გექნებოდათ, რას გაიხსნებთ?!…
წინააღმდეგობებს თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები ხოლმე, ასეთია ადამიანური ყოფა. აი თუნდაც ახლა, მინდა წიგნი გამოვცე, პოეტური კრებული , რაც ჩემთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ავიხდინო სურვილი, ნიშნავს მთელი ჩემი რამდენიმე თვის ბიუჯეტი ამისკენ მივმართო. ორი ქალი მაბარია (იღიმება) დედა და ჩემი და მხოლოდ ჩემი ხელფასი ჯერჯერობით ამის საშუალებას არ იძლევა.
თქვენი ლექსები შესულია მწერალთა კავშირის ეგიდით გამოცემულ ახალგაზრდა პოეტთა კრებულში. მოგვიყევი ამის შესახებ.
რამდენიმე წლის უკან მწერალთა კავშირმა ჩაატარა ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი „მერანი“. მეც მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, საპრიზო ადგილებზე ვერ გავედი. თუნცა მომავალში ამ კონკურსმა სისტემატური ხასიათი მიიღო და ყოველ წელს ჩემი ლექსები ხვდებოდა კრებულში
ყოველთვის სიხარულს მანიჭებს მსმენელის წინაშე წარდგომა და ვცდილობ, მუდმივად განვაახლო ჩემი “გარდერობი“. „თოლია“ ერთერთი ჩემი საყვარელი ლექსია რომელიც ამ კრებულშია შესული.
თოლია
ფერმკრთალი ზეცა-ნამარტალი დღეების ფონზე,
ჭეშმარიტების ძიებაში დაღლილ თოლიებს
გაიყოლიებს…
იქ, სადაც სივრცე შემართების არის საბაბი,
ერთ ხელის გულზე იშლებიან: ადის აბება
და ნეაპოლი.
პარიზის გასწვრივ, მერვე ოლქში,
სადაც ლუვრია,
დღეს თოლიები კონკორდიდან ფერხულს უვლიან
შარლ დე გოლამდე.
მეც თოლია ვარ, მესიზმრები, ასჯერ, ათასჯერ,
ყველა ცათამბჯენს გადმოვიფრენ, კოცნით დამსაჯე,
სული მომანდე!
რით გამოირჩევა შენი პოეზია?
ვფიქრობ, რიტმის შეგრძნება, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და ვცდილობ გაცვეთილი და დრომოჭმული ფრაზების გარეშე ვწერო. მრავალფეროვნება, ალიტერაცია, გეოგრაფიული სახელებით “ჟონგლიორობა.”.
ყველაზე დიდი კომფორტი რა არის პოეტისთვის?
პოეტისათვის ყველაზე დიდი კომფორტი ალბათ საკუთარი პოეტური კრებული, ბევრი შემოქმედებითი საღამოები და ბევრი მსმენელია. გუშინ გავმართეთ საღამო მე და ჩემმა მეგობარმა მუსიკოსმა ბაჩო ჯიქიძემ რომელიც ჩემი მეგობარი გახლავთ გუშინ კაფე book city-ში გამართა მუსიკალური საღამო სადაც ბაჩოს მუსიკალურ ნომრებთან ერთად მე ჩემი ლექსები წავიკითხე.ბევრი ადამიანი მოვიდა ჩვენს მოსასმენად რომელთა შორისაც რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები ჭარბობდნენ, მაგრამ იყო რამდენიმე სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც იქაურმა ფუსფუსმა და ორომტრიალმა მიიზიდა. მადლობა მინდა ამ ხალხს გადავუხადო.გუშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ადამიანებს ერთადყოფნა გვწყურია, რომ ხელოვნება გვაერთიანებს. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ გია ქარჩხაძეს, რომელიც ძალიან მოგვეხმარა ახალგაზრდებს. სწორედ მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით შედგა ეს საღამო.
ვისი შეფასება არის ხოლმე ყველაზე ღირებული შენთვის?
ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის შეფასება მნიშვნელოვანია, მეტადრე უცნობი ადამიანების, მეგობრებმა შეიძლება თვალი დახუჭონ ლექსის ნაკლოვანებებზე, თუმცა უმეტესწილად პირველი შემფასებლები მაინც ისინი არიან ხოლმე.
ზოგადად რა ხდება ახლა ქართულ პოეზიაში?!
დღეს ქართულ პოეზიაში ბევრი კარგი და გამორჩეული პოეტია. საქართველოში პოეზია ყოველთვის მაღალ საფეხურზე იდგა და ვიმედოვნებ, რომ ხელოვნების ეს მიმდინარეობა ყოველთვის სათანადო ადგილზე იქნება ქართულ კულტურაში.
კრიტიკა არსებობს? ვინ ადგენს ესა თუ ის ლექსი კარგია თუ ცუდი?! ვინ კარგი პოეტია ვინ – ცუდი?!
არ არსებობენ კარგი და ცუდი პოეტები, არსებობს კარგი და ცუდი ლექსები. ბუნებრივია, ყოველთვის კარგს ვერ დაწერ, ვერც ცუდს, თუმცა კარგი ყოველთვის სჭარბობს ცუდს. ხალხი, ისტორია გადაწყვეტს ალბათ ბოლოს ვინ კარგია და ვინ ცუდი.
გიორგის ბავშვობის ოცნება.
ბავშობიდან მსურდა ბუენოს აირესში მოხვედრა, რათა პირადად გამეცნო დიეგო მარადონა, მაგრამ ეს ოცნება თბილისში ავიხდინე. პირადად ვერ გავიცანი, მაგრამ მის თამაშს დავესწარი.(იცინის)
ბავშვობაში რომელი ზღაპრის დასასრული მოწონდა პატარა გიორგის ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომწონდა “პინოქიოს თავგადასავალი”, სადაც ხისგან გამოჩორკნილი ბიჭუნა ნამდვილად გადაიქცა.ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი ზღაპარია, აუცილებლად კეთილი დასასრულით.
სიზმარი თუ გადაგიქცევიათ ლექსად?
სხვათა შორის რაღაც დროის მანძილზე გატაცებულიც კი ვიყავი სიზმრების ლექსებად გადაქცევაზე და ლექსების ამ ნაკადს “სიზმრის სონეტები” დავარქვი.(იცინის)
თქვენს იუმორისტულ ლექსებზე რას გვეტყვით?
ყველაზე ელეგიურ და სევდიან ლექსშიც კი შემიძლია იუმორის ნაპერწკალი გავაღვივო, ასეთ შემთხვევაში შერჩეული ლექსის სტრუქტურას არ ვცვლი, ძირითადად რითმაზე და სტროფების გაშარჟებაზე ვმუშაობ ხოლმე. ვცდილობ, რომ ლექსი ყველასათვის ნაცნობი და მრავალგზის წაკითხული იყოს, რათა შემდგომ უფრო გაუადვილდეს დედანისა და იუმორისტული ასლის შედარება.
დიდი იუმორის პატრონი ხართ, რაში გეხმარებათ იუმორი ცხოვრებაში?
რა თქმა უნდა, იუმორს გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. ნათქვამია: “როგორც ხუმრობ, ისე ცხოვრობო”. უყვართ ჩემი იუმორი, პრობლემებს ცოტა ხნით მეც ვივიწყებ და გარშმომყოფებსაც ვავიწყებ.
კითხვა რომელიც არ გასვენებთ?
გიორგი, სოხუმი რომ არ დაკარგულიყო დღეს როგორი ცხოვრება გექნებოდა?
ხშირად მიფიქრია ამაზე და პასუხიც მაქვს.სოხუმი რომ არ დაკარგულიყო დღეს უზრუნველი ცხოვრება მექნებოდა, ვიცხოვრებდი მშვიდად ჩემს ზღვისპირა სახლში, ყოველგვარი გასაჭირის გარეშე. მართალია არ მეყოლებოდა ადამიანები გვერდით, ვინც აქ გავიცანი, დავუმეგობრდი, მაგრამ მჯერა რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით, იქნება ეს სოხუმში თუ თბილისში.
მინდა დავბრუნდე სოხუმში და თბილისური ცხოვრება სასიამოვნო მოგონებად დამრჩეს. ვიცი უთბილისოდ ცხოვრება ძალიან , გამიჭირდება, მაგრამ მინდა, საკუთარ სახლში –სოხუმში!
გიორგის შემოქმედებითი ოცნება, მიზანი?
მინდა, რომ ჩემი გვარი, ბალახაშვილი, პოეზიას დარჩეს. (იღიმება)
გასაკეთებელზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს.თუ მოვახერხებ ფინანსურად, გამოვცემ ჩემს პოეტურ კრებულს თუ ვერ მოვახერხებ გადავდებ მომავლისთვის.
ირმა მირზაშვილი