„თუ ჭურჭელი არ აივსო, სათქმელი არ დაგროვდა, შემთხვევით არაფერი ხდება…“

           „ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე და სრულიად მოულოდნელად, 31 წლისამ ხატვა დავიწყე. დედაჩემმა ნათესავს უყიდა აკვარელები. რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და არ გავატანე. ერთი-ორი მცდელობის შემდეგ, უფრო მეტად დავინტერესდი. მერე მე და დედამ ერთად გავაგრძელეთ ხატვა. ერთ თვეში უკვე გამოფენის მოწყობა მინდოდა და, მართლაც, ექვს თვეში საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც ადრე ვმუშაობდი, პირველი გამოფენა მოეწყო“, – ბიბლიოთეკათმცოდნე, მხატვარი ნატო სირბილაძე.

– თუმცა, ხატვის დაწყების მიზეზი მხოლოდ აკვარელი არ იყო…
– მართალია. თუ ჭურჭელი არ აივსო, სათქმელი არ დაგროვდა, შემთხვევით არაფერი ხდება. საინტერესო ადამიანს შევხვდი. ის იყო პიროვნება, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ახლა აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს…ეს ადამიანი ძალიან განათლებული იყო. სულ რომ არაფერი მოეთხრო ჩემთვის, თუნდაც ერთი საათი მის გარემოცვაში ყოფნა, საკმარისი იყო, რომ საოცარი ნამუშევრები შემექმნა. იყო შემთხვევები, როცა ერთ ღამეში 100 ჩანახატი გამიკეთებია. სამ წელიწადში, როგორც მხატვარი, შევდექი. არაფერს ვიგონებდი, თავისით მოდიოდა თემაც და ფერებიც. ერთ-ერთ გამოფენაზე გია ბუღაძემ ინტერვიუში თქვა: „ნატოს ნამუშევრები მედიების ტიპის ცნობოერებით კეთდება, მის ფანტაზიაში მოდის ოკეანე სილამაზისა, საოცარი ფერადოვნება და ეს ყველაფერი უმარტივეს მონასმშიც კი საოცრად გამოიყურება. ეს არის ულამაზესი საჩუქარი ზენა სფეროებიდან. უფალმა ამ სიძლიერის ჩამოსატანად კი ერთგვარ ხიდად ეს არაჩვეულებრივი ადამიანი გამოიყენა“.
– წლების განმავლობაში არაერთი გამოფენა გქონდათ. თქვენთვის რომელი უფრო საინტერესო იყო?10819008_772898156092572_2119785736_n
– პირველი პერსონალური გამოფენა „პროფკავშირების კულტურის სახლში“ მქონდა და დიდი რეზონანსი მოყვა.  საოცარი გამოფენა იყო 1999 წელს საჯარო ბიბლიოთეკაში. 1500 – მდე სხვადასხვა ზომის ნახატი  თოკზე  ჩამოვკიდეთ. მთელ დარბაზში პეპლებივით დაფარფატებდნენ და მოძრაობდნენ. საოცარი განცდა იყო.  გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს სიურპრიზი ელოდა. იმ გაყინულ პერიოდში გადავწყვიტე ჩემი ნახატები და კატალოგი დამერიგებინა ყველასთვის. ეს იყო დაუვიწყარი დღე.
– საინტერესო გამოფენები გქონდათ გერმანიაში…
– ჩემი შემოქმედებით ხელოვნების მუზეუმიდან დაინტერესდნენ. მოდიოდნენ, ნახულობდნენ და ამბობდნენ: ეს ახალი სიტყვაა ხელოვნებაშიო. მათ მოიყვანეს ჩემთან ერთ-ერთი გერმანელი სტუმარი, რომელმაც მიმიწვია გერმანიაში. 1994, 1995,  2004 წლებში ჰაიდელბერგში მქონდა გამოფენა. ძალიან სასიამოვნოდ მაგონდება. იქ თვეობით ვცხოვრობდი. მიყვარს ეს ქალაქი და ვნატრობ კიდევ მოვხვდე.
– საზოგადოებისგან ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყავით…
– დიახ, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ჩრდილში დავრჩენილიყავი. ვცდილობდი, ჩემი სათქმელი ნახატებით მეთქვა. ჯერ კიდევ, პირველი გამოფენის შემდეგ უნდოდათ ყველა ნახატის შეძენა. ხელოვნებათმცოდნეები და კოლექციონერები ინტერესდებოდნენ და ყიდულობდნენ.
1997 წლიდან  ჩემი თაობის ყველა  მხატვართან ვმეგობრობდი: ლევან ჭოღოშვილთან, გია ბუღაძესთან, კოკა რამიშვილთან, მამუკა ცეცხლაძესთან, ლია შველიძესთან და სხვებთან.
თუმცა, ყველაფერი  2005 წელს დარეჯან ჭილაშვილის მიერ გამოცემულმა წიგნმა „ფიროსმანი მხატვართა მუზამ“ დააგვირგვინა. ვთვლი, რომ ამ წიგნში მოხვედრა დიდი პატივი იყო, ისეთი დიდი მხატვრების გვერდით, როგორებიც იყვნენ გუდიაშვილი, ზდანევიჩი…
– ბალერინები და ყვავილები თქვენს შემოქმედებაში…10822490_772898159425905_916296073_n
– მე  სამხატვრო აკადემია დამიმთავრებია. პირდაპირ დავიწყე ხატვა ბალერინებით და ყვავილებით.
საინტერესო ბავშვობა მქონდა. გამიმართლა, რომ საოცარი ადამიანები ტრიალებდნენ ჩემს ირგვლივ. ჩემი ბაბუა მუსკომედიის თეატრის დირიჟორი იყო.  ჩემი მამიდა ვერა წიგნაძე ახლა 90 წლის გახდა, პრიმა ბალერინა და ვახტანგ ჭაბუკიანის ერთ-ერთი უცვლელი პარტნიორი იყო. ჩვენ მაშინ თეატრით ვიკვებებოდით. როდესაც ხატვას ვიწყებ, ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები. ფერებს დღემდე იქ ვეძებ.
– იყო დრო, როცა ციტაციის ხერხს მიმართეთ…
– 2000 წლებში ძალიან მომინდა სხვისი ნახატების გადახატვა.  ამას ციტაცია ჰქვია. იღებ სხვა მხატვრის ნახატს და ამუშავებ,  ფაქტობრივად ახალი ნახატი იბადება. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა საუკუნეს ჩავუქროლე, ვან გოგი, გოგენი… რაღაც პერიოდის შემდეგ აღორძინების პერიოდში ჩავეშვი. ძალიან მიყვარს ეს ნახატები. არ შეიძლება ამ ნამუშევრებით არ აღფრთოვანდე. ფაქტობრივად, მე ამ მხატვრებთან სტუმრად მივდიოდი. ისინი კარს მიღებდნენ და მე ვხატავდი. საოცარი შეგრძნება იყო. მახსოვს, როდესაც ვან გოგს ვხატავდი, მისი თუთუნის სუნსაც ვგრძნობდი. სულიერ სამყაროში ყველაფერი არსებობს. არაფერი არ ქრება. არცერთი ჩვენი ქმედება. გოგენს რომ ვხატავდი, ისეთი იდუმალი იყო, ყველაზე რთულად  მისი ნახატების ზემოქმედებიდან გამოვედი.
– ანგელოზებსაც აკეთებთ და ხატებიც დაწერეთ. დიდი ნიჭის მფლობელი ხართ…
 -ანგელოზების გაკეთება სამი წლის წინ დავიწყე. სასიამოვნოა, როდესაც რაღაცას ხელით ქმნი.
2000 წლები ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. უამრავი გამოფენა მქონდა, დიდი შრომის შედეგად. 2001 წელს 500–მდე ხატი დავწერე.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– სიყვარული ყველაფრის მამოძრავებელი ძალაა ცხოვრებაში, მაგრამ მერე უკვე შენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდები. მზადყოფნაა საჭირო. მახსოვს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, შენ, როცა არ გინდა, მაშინ უნდა დაჯდე და დახატო. წლების განმავლობაში ბევრი რამ გამოვიმუშავე.
სამწუხაროდ, ჩვენ დროს ვფანტავთ. არ ვიყენებთ, ისე, როგორც საჭიროა. არადა დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ადამიანი სულ ფორმაში იყოს.
მე სახლში ვხატავ, ძირითადად, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სახელოსნო აუცილებელია. ვოცნებობ, რომ მქონდეს ერთი დიდი შუშის ოთახი, სადაც ბევრი საღებავი, ცოტა საჭმელი, ერთი დასაძინებელი და უამრავი ქაღალდი იქნება.
ყველაზე კარგად მაინც თურქეთში ვმუშაობ. ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, ხმელთაშუა ზღვასთან ტაშუჯუში სახლი იყიდა. აქ რომ ვერაფერს ვაკეთებ, იქ ჩავდივარ და ვიხსნები. მზე ძალიან მიყვარს. თითქოს მზის მხატვარი ვარ. იქ კი ნაკლებად იცის წვიმიანი ამინდი.
– თუ გქონდათ პერიოდი, როცა ხატვა აღარ გინდოდათ?10836409_772898162759238_472576204_n
– იყო პერიოდი, როცა ნაკლებად ვიყავი მხატვრობაზე კონცენტრირებული. ამ დროს, 1997 წელს ინგლისის ელჩთან დავიწყე  მუშაობა. სტივენ ნეში საინტერესო ადამიანია.  მასთან მუშაობის ერთმა წელმა დიდი გამოცდილება მომცა. მე შეიძლება, ვერ მოვრეოდი ისეთ დიდ გამოფენებს, ამ ადამიანს რომ არ შევხვედროდი. ის ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია. მე მას 2004 წელს ლონდონშიც ვესტუმრე.
– საქართველოდან წასვლა არ გიფიქრიათ?
– იცით, 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს მე გერმანიაში ვიყავი. ვერ ვჩერდებოდი. ალბათ, ხელოვანი უფრო მეტად განიცდის აგრესიას. 2008 წელს, თექაზე რომ დავიწყე მუშაობა, პირველად ბომბები გავაკეთე.
მე მაინც ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. ჩვენ არაფერს არ ვირჩევთ. რადგან ღმერთმა მომცა ხატვის ნიჭი, დავიბადე საქართველოში, არ უნდა გავჩერდე და სწორედ აქ უნდა გავაგრძელო მუშაობა.
– ისევ ისეთი ინტესივობით მუშაობთ, როგორც თავიდან?
– 59 წლის ვარ, ვერ გეტყვით, რომ ისეთივე ინტესივობით ვმუშაობ. ბოლო პერსონალური გამოფენა 2011 წელს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მქონდა. ახლა, გია მარკოზაშვილმა შემომთავაზა, საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებში მონაწილეობა. ბოლო 2 წელიწადში 3 კატალოგი გამოვეცით და ვემზადებით საგაზაფხულო გამოფენისთვის.
გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრებიც შეიცვალა. ახალი ნამუშევრები შეიძლება გაიმეოროს ვინმემ. პირველი ნახატების გამეორება შეუძლებელია. ეს იყო დაბადება, ჩემი სულის მოძრაობა სწორედ მათში ფიქსირდებოდა.

მზევინარ ხუციშვილი

 10822490_772898159425905_916296073_n

10833849_772898152759239_310165342_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები