„რადგან პირველად იყო სიტყვა, ამ სიტყვამ გადაგვარჩინოს…“

                   „მაშინ, როდესაც აუზის წყალში ბოლომდე ჩაყურყუმალავდება, მოდიან ხილვები. ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებიან უკვე მომხდარი და გადატანილი ამბები, პატარ-პატარა ცოდვები, რომელთაც სინდისის მსუბუქი ქენჯნაც სდევთ თან. ნია ასე საკუთარ სულს რეცხავს და ცოდვებს აუზის ქლორიან წყალს ატანს. სწრაფად იქნევს ხელ-ფეხს. თითქოს ეშინია ამბებთან ერთად სინანულის ჩამხრჩვალი და უსიამო გრძნობა სადმე არ წამოეწიოს. ნიას გრძელი და მარდი ხელ-ფეხი აქვს, სინდისს კი ჯერ მასსავით ცურვა არ უსწავლია. აუზში ცურვა ნათვლასავითაა. ყოველ დილით წყლიდან დაღლილი და სველი, გარეცხილი და ახალი ნია ამოდის“. – რომანი „რეალური არსებები“. მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.

– ჟურნალისტიკა, კინორეჟისურა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და მწერლობა – რა მოიტანეს ან რა დატოვეს შენში ამ პროფესიებმა?10836625_772037826178605_381641433_n
– ყოველთვის მინდოდა, რომ ერთი საქმე მქონოდა და ეს საქმე მწერლობა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ეს თითქმის შეუძლებელია. წერას სამსახურისგან თავისუფალ დროს თუ ვახერხებ. ამიტომ ჩემი წიგნები ნელა და დიდხანს იწერება. ყველა ამ პროფესიამ, შესაძლოა, ლიტერატურისთვის განკუთვნილი დრო წაიღო, მაგრამ, ამავე დროს, ისევ წიგნებისთვის მომცა მასალა. ის თემები, რომელზეც როგორც ჟურნალისტი ვწერდი, ის ფილმები, რომელიც მინახავს, ის ურთიერთობები, რომელიც პიარმენეჯერის სამსახურმა მოიტანა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება და მარაგი აღმოჩნდა. ეს ყოველდღიურობაა, ხშირად, შესაძლოა რუტინაც, მაგრამ ეს ცხოვრებაა, მოძრაობაა… ეს არის გარემო, სადაც ვარ, ქვეყანა, რომლის მაჯისცემაც ასე უკეთ მესმის. ქვეყანა, რომელიც მუდმივად მაოცებს და ჩემი ხალხი, რომელთაც ხშირად არ მესმის, მაგრამ ეს ყველაფერი, ამავე დროს, ძალიან საინტერესოა. აქ სულ არის მასალა. უხვი და ჟანრობრივადაც მრავალფეროვანი:  ტრაგიკომიკული, დრამატული, დეტექტივი თუ ჰორორი… მოკლედ, მე მოვალე ვარ, ვტრიალებდე ამ ყველაფრის შუაგულში, რათა შემდეგ ის ლიტერატურად ვაქციო. ამიტომ ვფიქრობ, რომ კაფკიანური პრინციპი „მოკვდე, რათა წერო და წერო, რათა მოკვდე“ ჩემს შემთხვევაში ასე გამოითქმის: „იცხოვრო, რათა წერო და წერო, რათა იცხოვრო.“
– როდის დაიწყო ლიტერატურული ბიოგრაფია?
– ბავშვობიდან ვწერდი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის. პირველი მოთხრობები 2004 წელს გამოქვეყნდა. მათ შორის იყო „ფიდაიც“, რომელიც გაზეთ „პარნასში“ დაიბეჭდა და წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზი მომიტანა. პირველივე წიგნს მოჰყვა პირველი „საბა“ დებიუტში, მეორე წიგნს, „მემფისს“ „საბა“ უკვე წლის საუკეთესო რომანისთვის და ასე შემდეგ… შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ლიტერატურული ბიოგრაფია ფეიერვერკებით დაიწყო და ბედის ნებიერა ვარ, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ, დავამტკიცო, რომ ეს ასე არ არის, რომ ყველაფერს შრომა უნდა და პროზაიკოსობაც არ არის ადვილი. ახალ წიგნებს ამ საქმის სიყვარულის გარდა ძველი ტექსტებით უკმაყოფილებაც მაწერინებს და თან ვიცი, რომ როგორც წიგნში, დასაწყისი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამბის გაგრძელება და შემდგომი დრამატურგია.
– ვინ არიან შენი შემოქმედების პერსონაჟები?10841174_772037819511939_923875640_n
-არასდროს მყოლია პერსონაჟი, რომელიც ოდნავ მაინც უკავშირდებოდა ჩემს რეალურ ცხოვრებას, ადამიანებს, რომელთაც ვიცნობ. მე უფრო წარმოსახვების მწერალი ვარ, გამოგონება მიყვარს, არარსებულიდან, სიცარიელიდან ცოცხალი პერსონაჟის შექმნა. შემდეგ ისინი წერის პროცესში ისეთი ნამდვილები ხდებიან, როგორც მე და თქვენ. ისინი ხშირად თავად აგებენ ამბავს და განსაზღვრავენ საკუთარ ლიტერატურულ არსებობასაც. ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. ვისაც დაუწერია, კარგად გაიგებს, რასაც ვგულისხმობ… მეც ვაძლევ პერსონაჟებს თავისუფლებას, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია სული ედგათ და მკითხველისთვის დამაჯერებელნი და საინტერესონი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პერსონაჟებს არ ჰყავთ პროტოტიპები, ისინი ჩვენი რეალური ყოფიდან არიან, თითოეულ მათგანს შეიძლება ვიცნობდეთ, ყოველდღე ვხვდებოდეთ და ვესაუბრებოდეთ. თითოეულ მათგანში არის, რა თქმა უნდა, ჩემი ნაწილიც, და რაც მთავარია, მე მინდა მათში მკითხველმა საკუთარი თავი დაინახოს, ამოიცნოს. დაინახოს ადამიანის სულის ყველაზე ბნელი და მიუვალი კუნჭულები, ადამიანის დაუსრულებლობა და არასრულყოფილება…  მორალისტი არ ვარ, მაგრამ მაინც ასე გამოდის, რომ ჩემი, როგორც ავტორის სურვილია, რომ ჩემი პერსონაჟები იქცნენ მკითხველთა ალტერ ეგოდ, გაკვეთილად, გაფრთხილებად, თუ რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, სად არ უნდა დავუშვათ შეცდომა, როგორ არ უნდა ვიცხოვროთ, ან პირიქით, როგორ უკეთესია.
– გარემო, რომელიც მწერლისთვის აუცილებელია…
– ყველგან შეიძლება წერო. ნებისმიერ პირობებში, თუმცა კარგია თუ მშვიდი კუთხე და საკუთარი ოთახი გაქვს. ვირჯინია ვულფი მიიჩნევდა, რომ ვიდრე მწერალს სამუშაო ოთახი არ ექნება, მწერლად ვერ შედგება. ვულფი საკუთარ ოთახში მწერლისთვის აუცილებელ სიმშვიდეს, განმარტოებისა და კონცენტრაციის საშუალებას გულისხმობდა. დღეს განსაკუთრებით რთულია ოთახში გამოიკეტო და სხვა, ალტერნატიულ სამყაროს შემქნაზე კონცენტრირება შეძლო. ოთახიც მაქვს და გარემოც, მაგრამ თვითონ ცხოვრება მივარდება ოთახში და მიფანტავს აზრებს. ელექტრონული და სოციალური მედია, ადამიანური კონტაქტები, გლობალური ქსელი, რომელშიც საბრალო მწერივით ხარ გაბმული, არსად გიშვებს. თანავუგრძნობ თანამედროვე მწერლებს და მათ შორის საკუთარ თავსაც. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი ანტიუტოპიური შიშები, რომ  კითხვის დრო აღარავის დარჩება და, ადრე თუ გვიან, სქელტანიანი წიგნები შესაძლოა, იქცეს ბლოგებად, პოსტებად და ლოზუნგებად, გამართლებადია.
– იყო ქალი მწერალი…
– იყო ქალი მწერალი ნიშნავს იყო მწერალი, წერდე იმაზე, რაც გაფიქრებს, რაც გტკივა და გახარებს. რაც, საერთოდ, კაცობრიობას აფიქრებდა საუკუნეების განმავლობაში. მხოლოდ ეს უკვე შენს ჭრილში, შენს წარმოსახვებსა და ინდივიდუალურ სტილურ ხელწერაშია გამოტარებული, შენი თვალით დანახული და შენი ხელით დაწერილი. ქალის ხმა მნიშვნელოვანია ლიტერატურაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ქალის ხმა ძლიერია, ჰუმანურია, გამჭოლია და მას ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა და  გულის გავლა შეუძლია.
– იყო ქართველი ქალი მწერალი…10846736_772037816178606_837675729_n
– იყო ქართველი ქალი მწერალი ნიშნავს იყო ჯერ ქალი და მერე მწერალი. ალბათ, მხოლოდ ჩვენთან არსებობს დეფინიცია „ქალი მწერალი“.  კაცი მწერალიო,- აბა მე ჯერ არ გამიგონია. იყო ქართველი ქალი მწერალი ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღგიქვამდნენ და შენი ტექტსებით, მოთხრობებით თუ რომანებით მუდმივად გიწევდეს იმის მტკიცება, რომ ისევე როგორც კაც მწერალს, შენც შეგიძლია შექმნა ლიტერატურული სამყარო, რომ ეს არის არც ვარდბულბულიანი სენტიმენტები, არც ეგრეთ წოდებული „ჟენსკაია ჩტივა“ და არც კულინარიული ლიტერატურა. არსებობს მეორე უკიდურესობაც, უცნაური და გაუგებარი სტერეოტიპი, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ინტელექტუალი ხარ, მაშინ ქალურობასა და სილამაზეზე უნდა თქვა უარი, რადგან  ეს ორი რამ თითქოს ერთმანეთს არ ეთავსება. გაღიზიანებას იწვევს თუ რომელიმე საღამოსა და დაჯილდოებაზე ლამაზი კაბით მიდიხარ ან ისეთ არასტანდარტულ და ქალურ პროექტებში მონაწილეობ, რაც ინტელექტუალს „არ ეკადრება“. ქათინაურიც „კაცივით კარგად წერ“ ჩვენთან ისევ მუშაობს და თუ ამას გეუბნებიან, თითქმის აღიარებული ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პროზაში ბევრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ქალი ავტორი გამოჩნდა, თავის კოლეგა მამაკაცებს არაფრით ჩამოუვარდებიან და ბევრი საინტერესო ნაწარმოებიც შეუქმნიათ.
– კრიტიკა საქართველოში…
– კრიტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს. ან ძალიან სუსტია და ვერავითარ ამინდს ვერ ქმნის. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია იწერებოდეს პროფესიონალური რეცენზიები, იმართებოდეს ლიტერატურული დისკუსიები. ეს საჭიროა პროცესისთვის, მკითხველის ორიენტირებისთვის, ავტორების მოტივაციისა და განვითრებისთვის. ჩვენთან კი კრიტიკა ან მაამებლურია, ან ჩასაფრებული. რამდენჯერმე ვიყავი „საბას“ ჟიურის წევრი და კრიტიკაში ნომინირებული წიგნების უმეტესობა ძველი კლასიკური ლიტერატურის კვლევებს ეხებოდა. ძალიან იშვიათი იყო თანამედროვე ავტორების შეფასების ცდა. საქართველო პატარა ქვეყნაა და თითქოს ერთმანეთს ერიდებიან, თუ რატომ არ ვითარდება ეს ჟანრი, არ ვიცი…
– თანამედროვე ქართული ლიტერატურა …
– თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძალიან საინტერესო ლიტერატურაა. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ გვყავს უმბერტო ეკო, ან თუნდაც მიშელ უელბეკი, მაგრამ ბევრი კარგი ავტორი რომ გვყავს, ფაქტია. არაერთ ქვეყანაში შევხვედრივარ ახალგაზრდა მწერლებს, წამიკითხავს მათი ნაწარმოებები და ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მწერლები მათ რამით ჩამოუვარდებიან. ლიტერატურული პროცესები მთელს მსოფლიოში ძალიან ჭრელია, მრავალფეროვანია და დიდ მღვრიე ოკეანეს წააგავს, რომლის ზედაპირზეც ნიჭიერი და სახელოვანი მწერლების გარდა უბრალოდ, კარგად რეკლამირებული და გარკვეულ ბრენდებად ქცეული ავტორებიც ტივტივებენ. ჩვენ ჩაკეტილნი ვართ ჩვენს ენობრივ სივრცეში, ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრი მკითხველია. ქართულმა ლიტერატურამ უნდა გაარღვიოს ეს მოჯადოებული წრე და მსოფლიოს გააცნოს ქართველი მწერლებიც.
– ლიტერატურული კონკურები…10822617_772037829511938_832959240_n
– ლიტერატული კონკურსები კარგია იმისთვის, რომ რამდენიმე დღე მაინც გაიხარო. პრემიას აიღებ (ფულად პრემიასაც), შეგრძნება გაქვს (იქნებ უფრო ილუზია), რომ ჯილდო დაიმსახურე, შრომა დაგიფასდა, რომ მკითხველიც მოიმატებს და გაყიდვებიც. შესაძლოა ლიტერატრული კონკურსები ზუსტად ვერ ასახავდნენ პროცესს, მაგრამ ამ პროცესის გააქტიურებისა და ხელშეწყობისთვის ძალიან კარგია. თან ერთგვარი აზარტიცაა, შესაძლოა შოუც, თუმცა გადამეტებული მნიშვნელობა ალბათ არ უნდა მივანიჭოთ. ვისაც წერა უნდა, კონკურსების და პრიზების გარეშეც დაწერს და ვისაც კითხვა უნდა, პრემირებული მწერლების გარდა უბრალოდ კარგ ლიტერატურასაც წაიკითხავს.
– მინდა, რომ….
– წიგნებმა, ლიტერატურამ უკეთესობისკენ შეცვალოს სამყარო. უკეთესი გახადოს ადამიანი, რომ განათლება, კულტურა, ხელოვნება, სილამაზე  წარმართავდეს ჩვენს ცხოვრებას, რომ ყველაზე მკითხველი და წიგნიერი ერი ვიყოთ. დავასრულოთ ერთმანეთის ჭამა. ვუთხრათ უარი აგრესიასა და ძალადობას, გვიყვარდეს და გვწამდეს. და რადგან პირველად იყო სიტყვა, ამ სიტყვამ გადაგვარჩინოს. და, რა თქმა უნდა, ისიც მინდა, რომ ეს მხოლოდ ჩემი სურვილი კი არა, რეალობა იყოს.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები