„ბრძოლა საკუთარ თავთან – უზომოდ საინტერესო პროცესია და მას ვერცერთი მიწიერი სიამოვნება ვერ შეცვლის…“

           „არ ვიცი, ჩემმა შემოქმედებამ შეცვალა რაიმე ჩემს ცხოვრებაში თუ პირიქით – ჩემმა ცხოვრებამ შეცვალა ჩემი შემოქმედება, და მუდმივად ცვლის, და სულაც ჩემმა ცხოვრებამ გამოიწვია ის, რომ ვწერ“. – მწერალი ბაჩო კვირტია.

– ალბათ, არაერთხელ უკითხავთ, მაგრამ მაინც, რატომ გაჩნდა წერის სურვილი?
– კი, ეს შეკითხვა არაერთხელ დაუსვამთ ჩემთვის და პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე მაქვს. არც ამჯერად ვიტყვი განსხვავებულს: ყველაზე მეტად ამ შეკითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა. ფაქტობრივად, ვერც ვპასუხობ, იმიტომ, რომ არ ვიცი, რატომ დავიწყე წერა. ალბათ თითოეული ადამიანის ბუნება, გარემოებები, რომელიღაც უხილავი მიზეზები იწვევს წერის, ხატვის, მუსიკის შექმნის ან თუნდაც თიხისგან დოქის გამოძერწვის უნარს. ზედმეტი კეკლუცობის გარეშე რომ გითხრათ – არ ვიცი, რატომ გაჩნდა ჩემში წერის სურვილი. შესაბამისად, არც ის ვიცი, რატომ არ ქრება ეს სურვილი. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ დღემდე მაქვს წერის სურვილი და უნარი.
– შენი შემოქმედების პერსონაჟები…1907953_771599366222451_5616073880455792758_n
– მე მგონია, რომ საინტერესო ადამიანები არიან. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი ისტორია, ამბავი… ცოცხლობენ იმიტომ, რომ მკითხველში იწვევენ დადებით ან უარყოფით ემოციას. ჩემი აზრით, უკლებლივ ყველას ახლავს დიდი, ძლიერი, ზოგჯერ ზედმეტად მძაფრი გრძნობა – საკუთარი სხვადასხვაგვარი ამბის გამო. თითოეული მათგანი უზომოდ მიყვარს და თითოეული ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელთა „გუნდსაც“ დროთა განმავლობაში ახალი გმირები ემატება.
– რა მოგიტანა შენმა შემოქმედებამ, რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?
– ამ შეკითხვაზეც გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ისიც არ ვიცი, ჩემმა შემოქმედებამ შეცვალა რაიმე ჩემს ცხოვრებაში თუ პირიქით – ჩემმა ცხოვრებამ შეცვალა ჩემი შემოქმედება, და მუდმივად ცვლის, და სულაც ჩემმა ცხოვრებამ გამოიწვია ის, რომ ვწერ. სწორედ ამით არის უცნაური და საოცრად საინტერესო შემოქმედების ფენომენი – ცხოვრება განიჭებს, გიბიძგებს, დაიწყო წერა, შექმნა კარგი ან უვარგისი ლექსი, მოთხრობა, ნახატი, მუსიკა, და ეს პროცესი, ასეთი ცხოვრება, რომელსაც უკვე შემოქმედებითი ჰქვია, ამდიდრებს, ამრავალფეროვნებს შენს ყოველდღიურობას, აღრმავებს შინაგან ბუნებას და აწრთობს ხასიათს. საბოლოო ჯამში, ადამიანი, რომელსაც თამამად შეუძლია საკუთარ თავს მწერალი ან მხატვარი უწოდოს, წმინდა შემოქმედებითი თვალსაზრისით, გარესამყაროს მიუსაფარი ყარიბი ხდება, რომელსაც ერთადერთი თავშესაფარი გააჩნია – საკუთარი შემოქმედება და სულიერება.
– ლიტერატურული კონკურსები…
 – ჩემი შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაქტობრივად, ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილებით, და რამდენჯერმე მოპოვებული გამარჯვებით გაიცნო ჩემი    ტექსტები ფართო მკითხველმა. სწორედ ეს – კონკურსებში   მოპოვებული წარმატება და ამის მეშვეობით შეძენილი  საკუთარი შემოქმედების მეტ-ნაკლები ცნობადობა მაძლევს საშუალებას, დაბეჯითებით ვთქვა, რომ ლიტერატურული კონკურსების არსებობა და სიმრავლე, ცოცხალი, საინტერესო და შედეგიანი ლიტერატურული პროცესების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
– ბრძოლა საკუთარ თავთან…10427995_771599396222448_7059442354868872028_n
– ალბათ, ის არის, რაც ყველაზე მეტად მღლის, რისი გაკეთებაც ზოგჯერ უკიდურესად მიჭირს, მაგრამ რასაც ყველაზე საინტერესო და ხშირად საამაყო შედეგი და ნაყოფი აქვს. ჩემი აზრით, უზომოდ საინტერესო პროცესია და მას ვერცერთი მიწიერი სიამოვნება ვერ შეცვლის. ამაზე საინტერესო ის არის, რომ… ჩემთვის ყველაფერი ეს არის – ბრძოლა საკუთარ თავთან. ამ შემთხვევაში კი წარმოიდგინეთ, როგორ ნეტარებაში ვარ…
– ადამიანები შენს ცხოვრებაში…
– ძალიან ბევრნი არიან. ხმაურობენ, მაწუხებენ, სიამოვნებას მანიჭებენ, მაოცებენ და ასე შემდეგ. ზოგი მათგანი, მინდა, რომ გაჩუმდეს, ზოგმა პირიქით – რამე თქვას, მაგრამ ჩემს ნებაზე არავინ დადის. მაგრამ იყოს ასე – ნუ დამიჯერებენ. ასე ჯობს.
– ქართული საზოგადოება, როგორც მკითხველი…
– ძალიან ჭრელია. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო, რაც ბოლო 10-20 წლის მანძილზე აშკარად შეიმჩნევა, მათი, როგორც მკითხველის გემოვნების ცვლილებაა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის, არა მარტო როგორც მკითხველის, არამედ როგორც მსმენელის, მაყურებლის, დამთვალიერებლის, გემოვნება ბოლო ხანებში საგრძნობლად მდარე და უხარისხო გახდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული ფენომენია, ვინაიდან ძნელია თქვა, საზოგადოება ქმნის თავისთვის შესაფერის ხელოვნებას თუ ხელოვნება აყალიბებს საზოგადოებას – საკუთარი მოთხოვნებით, გემოვნებით და მისწრაფებებით. ჩემი ვარაუდით და გუმანით, ორთავე ერთმანეთის შემოქმედია, ორივე ერთმანეთს უნდა ხვეწდეს, კარნახობდეს, მიუთითებდეს. ამოსავალი წერტილი, ამ შემთხვევაში ორთავე მგონია – საზოგადოებაც და ხელოვანიც.
– თანამედროვე ქართული ლიტერატურა…10173783_771599369555784_893316531438550801_n
– ჩემთვის ძალიან საინტერესო მოვლენაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულწილად საკუთარ თავსაც მის შემადგენელ „ნამცეცად“ მივიჩნევ, არამედ იმიტომაც, რომ, მართლაც, შინაარსიან და მრავალფეროვან ფენომენთან გვაქვს საქმე – საკუთარი ეპატაჟებით, საინტერესო თუ სრულიად უაზრო ექსპერიმენტებით, სასაცილო (ლიტერატურული) პოზებით, დიდი ბალასტით, პერსპექტივით თუ უიმედობით, სოლიდურობით თუ არასერიოზულობით. ეს ბუნებრივი პროცესი მგონია, რომელიც საბოლოოდ ჩამოიქნება, დაიხვეწება და დატოვებს ყველაზე ღირებულს, შთამბეჭდავს და ნამდვილს.
– ყველაზე რთული და ყველაზე საყვარელი…
– აქ, ალბათ, მეხუთე შეკითხვის პასუხი გამომადგება. ის არის, რაც ყველაფერია ჩემს ცხოვრებაში – ბრძოლა საკუთარ თავთან, ანუ ყველაფერი, ანუ ცხოვრება.
– მინდა, რომ…
– ჩემი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ბედნიერი, წელში გამართული და ღირსეული იყოს.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები