„მგონი, სამოთხე დავხატე, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი მინდოდეს დედამიწაზეც…“
„ვფიქრობ, მიწაზე ვინც გაიარა, ყველამ დატოვა თავის ამბავი, ყველას ნაფეხურს იმახსოვრებს მიწა, ყველას ფეხის გულის სითბოს ცნობს და იჩემებს. ყველას თავისი სატარებელი მოაქვს იქიდან, საიდანაც მოდის და მერე აქ აგრძელებს, სააქაოში და ნელა-ნელა გადააქვს, გადაათრევს, გადააჩოჩებს ხოლმე საიქიოსკენ. რასაც აქ ვხედავ ადამიანების თვალებში, ადამიანების ბეჭებზე და მხრებზე, გადავწყვიტე, პატარ-პატარა ამბებად, მინიატიურებად მექცია. რა გამოვიდა და როგორ, ამას თქვენ, მკითხველი ან მიიღებ და ან არა, მე კი ვეცადე. ყველა, ვინც ჩემს მახსოვრობაში იყო, მარცვლებივით ჩამეპნია ამ მინიატიურებში“, – ნინო ქადაგიძე.
– როგორ დაიწყო შემოქმედებითი გზა?
– ბავშვობიდან ვწერ. დედას ახსოვს, წერა რომ არ ვიცოდი და რამდენიმე გარითმულ ფრაზას ვეუბნებოდი, ის იწერდა. ეს ძალიან მარტივი ლექსები იყო და არანაირი ლიტერატურული ღირებულება არც ჰქონდა. მაგრამ იქიდან მოყოლებული ვწერ, ვწერ და მოვედი აქამდე…
– თქვენი პერსონაჟები…
– ვფიქრობ, ძალიან უბრალო და უცნაური ადამიანები. ზოგადად, ყველა ადამიანი უცნაური და თავისებურია, მაგრამ ჩემი პერსონაჟები არიან ჩიტების მეტრფეები, ახირებულები, მიწისა და მზის მოყვარულები, კაცთმოყვარეები, ღვთისმოშიშები, მოხეტიალე მღვდლები, სასაფლაოს დარაჯები, ფუმფულა და მარტოხელა ბებიები, მიწის მუშაკები, ჩია პაპები და ა.შ…
– წერდით ლექსებსაც…
– დიახ, ვწერდი. თავდაპირველად ლექსებით დავიწყე. ბავშვობაშიც, ძირითადად, ლექსებს ვწერდი. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ლამაზი და იშვიათი სიტყვები, რომელსაც თანამედროვე სალაპარაკო ენაში აღარ ვიყენებთ, მივიწყებულები, დაჩრდილულები არიან. ვფიქრობდი, რომ პოეზიაში ამ ყველა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, თითქოს ლექსი მბოჭავდა და ამიტომ გადავწყვიტე მინიატიურები დამეწერა. ლამაზი სიტყვა ლამაზი პერსონაჟებისთვის მომერგო.
– გარემო, რომელიც წერისთვის აუცილებელია…
– არაფერი განსაკუთრებული სიტუაცია არ მჭირდება. მთავარია, არ გავდიოდე არსად, ვიყო სახლში, მქონდეს თავისუფალი დრო და ვიყო მარტო ოთახში. ხშირად ხდება, რომ ტელევიზორია გვერდით ოთახში ჩართული და მეფანტება აზრები. ერთადერთი, რასაც ვითხოვ და ვიხვეწები, ეს არის სიჩუმე. როცა სიჩუმეა, მარტივია ფიქრების გულის გულიდან ამოქექვა…
– წიგნი „ცერცვისტოლა ამბები“…
– ჩემი მოგონებების ნაწილია, ადამიანების მოსაფერებელი და ქართული სიტყვის მოსაგურგურებლად დაწერილი წიგნია…
– ქართველი მკითხველი…
– ძალიან გემოვნებიანი და მომთხოვნია. ადვილად ხვდება, გულწრფელი ხარ თუ სადღაც, რაღაცა ზედმეტი მოგივიდა. წონის სიტყვას, გრძნობას და ან იღებს, ან არა. სასიამოვნოა, როცა ასეთი მკითხველი გყავს.
– თანამედროვე ქართული ლიტერატურა…
– გამოირჩევა ბევრი საინტერესო ავტორით. სხვა ყველაფერი დროის ფაქტორია. ვის წაიყოლებს დრო და ვის ჩამოიტოვებს, ეს მხოლოდ დრომ იცის …
– იყო ქართველი ქალი მწერალი…
– ნიშნავს, უყვარდე ადამიანებს. გიყვარდეს ადამიანები და ცხოვრობდე მათ გულში შენი წიგნიანად.
– ადამიანები თქვენს ცხოვრებაში…
– ყველაზე მთავარი ადამიანია, ჩემ გვერდით მყოფნიც და ათასობით კილომეტრით დაშორებულებიც. ხომ ვიცით, რომ ყველა ადამიანი ღვთის სულს ატარებს, ამიტომ არ შეიძლება ადამიანი იყოს უარყოფითი. შეიძლება რაღაცა უარყოფითს ავლენს ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ მაინც ღვთის ჭურჭელია, მისი სულის მატარებელია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი მარგალიტია, უბრალოდ ზოგი შეიძლება ტალახში იყოს, შეიძლება ბროლის ყელზე, მაგრამ მაინც ყველა მარგალიტია.
– მინდა, რომ…
– ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და არ მესმოდეს არავის ჩივილი, ტკივილი, სიკვდილი… მინდა, რომ მარადიული მშვიდობა და ბედნიერება იყოს ირგვლივ. მგონი, სამოთხე დავხატე, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი მინდოდეს დედამიწაზეც…
მზევინარ ხუციშვილი