„ომში მართალი ის არის, ვის მიწაზეც მიმდინარეობს ბრძოლა“…

             „საბჭოთა კავშირის დროს, როცა დაპყრობილები ვიყავით, ზემელზე ათი კაცი რომ გაგეჩერებინა და გეკითხა, ქართველები მაგრები ვართ თუ არაო, ათიდან ცხრა დაგცინებდა, მაგას რა კითხვა უნდა, მაგრები ვართ, თან ძალიან მაგრებიო და მხოლოდ ერთი ჭკვიანი, ისიც თუ გაგიმართლებდა და შეგხვდებოდა, გიპასუხებდა, არა მგონია, არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც მაგრები და რკინის მკვნეტელები ვიყოთო…
ახლა, როცა 21 წელია დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, იმავე ზემელზე ათი კაცი რომ გააჩერო და ჰკითხო, ქართველები მაგრები ვართ თუ არაო, ათიდან ცხრა ისევ დაგცინებს, რა მაგრები, რაებს მეკითხები, მაშაყირებ თუ რა, მაგარი არა, ფეხებიო… და მხოლოდ ერთმა გიჟმა, ისიც თუ გაგიმართლა და შეგხვდა, შეიძლება გიპასუხოს, მაინც მაგრები ვართ, მაგის დედაც ვატირეო“  – ბექა ქურხული.

– შენი შემოქმედების პერსონაჟები…10799781_764345896947798_79312784_n
– გურამ რჩეულიშვილი თავის ერთ-ერთ ნოველაში „ბატონო ტელემაყურებლებო“ – წერს: „ვცდილობ, ვწერო ჩემ თავზე. ეს ერთადერთი ადამიანია, ვიზეც საერთოდ ღირს წერა და ლაპარაკი.“ ეს ერთი შეხედვით ეგოცენტრული ფრაზა, ვფიქრობ, სულ სხვა რამეს გულისხმობს. საერთოდ, ნაწერი საოცრად ზუსტად გამოხატავს ავტორის შინაგან სამყაროს. წერის დროს ვერ ისიაფანდებ, რადგან სიყალბე იმ წამსვე თვალშისაცემი ხდება. რეჟისორი გიო მგელაძე თავის ერთ ინტერვიუში ამბობს ფრაზას, რომელიც წლებია მახსოვს: „არ არსებობს, არ მჯერა, რომ ცუდმა ადამიანმა შეიძლება კარგი რამე დაწეროსო.“ რომ ვაკვირდები, მართლაც, ასეა. ისევე, როგორც ცუდი ადამიანი შეიძლება კარგად მოიქცეს, კარგი ადამიანი კი ცუდად, მაგრამ ამით ბევრი არაფერი იცვლება. აქედან გამომდინარე, მინდა თუ არა, ჩემი პერსონაჟების მთავარი პროტოტიპი მე ვარ. თუმცა ნამდვილად არ მგონია, რომ მხოლოდ ჩემზე ღირს წერა ან ლაპარაკი. ვფიქრობ, არც გურამ რჩეულიშვილი ფიქრობდა ასე. მისი ზემოთ მოტანილი ციტატა უფრო თვითირონია მგონია. მეორე მხრივ კი, ალბათ დამეთანხმებით, რომ გურამ რჩეულიშვილს, მართლაც, უღირდა გურამ რჩეულიშვილზე წერაც და ლაპარაკიც.
– 90-იანი წლები შენს ცხოვრებაში…
– 90-იანი წლები – განთქმული მხიარული, ბნელი და სისხლიანი წლები. 1991 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, თამაზ ჭილაძის ჯგუფში. ძალიან საინტერესო ადამიანები გვასწავლიდნენ. ჯერ მარტო, თავად ბატონი თამაზ ჭილაძე რად ღირს. ჯგუფიც ძალიან საინტერესო შეიკრიბა: რატი ქართველიშვილი, ბაჩო კვირტია, ზაზა ასლანიძე, მანანა დოიაშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ირაკლი სოლომონაშვილი. მშვენიერი დრო იყო. პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ კი, პირდაპირ ჩვენი ინსტიტუტის გვერდით, ჰაუბიცა დადგეს და თბილისის სამოქალაქო ომი დაიწყო. მახსოვს, როგორ დავდიოდი რუსთაველის პროსპექტზე კოჭებამდე გილზებში და ახლა ამხანაგი კალაშნიკოვი გვიკითხავდა ლექციას. ომი იყო. მერე ომები და ჩვენ 90-იანი წლების თაობა ყველა ომში დავმარცხდით და ვინც გადავრჩით, დავდივართ ახლა 21-ე საუკუნეში შემორჩენილი დინოზავრებივით უცხოები და სიკვდილამდე თან გაგვყვება ომისა და სროლის ექო.
– ომი შენს ცხოვრებაში და შემოქმედებაში…
– უცებ აღარ მომინდა ამაზე ლაპარაკი, არც წერა. დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი, აღარასოდეს ვახსენებდი ომს და აღარაფერს დავწერდი ამაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ომსა და სროლაზე ბევრი დავწერე, ამას უბრალოდ ვერ ავცდებოდი – ვერც მე და ვერც ჩემი თაობის მწერლები და პოეტები. სულ ახლახან, დავაფიქსირე, რომ ჩემს იმდროინდელ მოთხრობებსა და ნოველებში სულ ღამეა და სულ ბნელა, ისმის განუწყვეტელი სროლა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს საოცრად ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო მაშინ. თითქოს, ეს ყველაფერი არც გვიკვირდა და არც გვეუცხოებოდა. ასე ვცხოვრობდით, ვსუნთქავდით, გვიყვარდა, გვძულდა და გვენატრებოდა, ვიძინებდით და ვიღვიძებდით – ომის, სროლის და სიკვდილის თანხლებით. აი, ეგრე იყო ეგ ამბავი.
-„დაკარგული თაობა…“10805193_764345903614464_1394887087_n
– იმ თაობამ, რომელსაც პირველად „დაკარგული თაობა“ უწოდა გერტრუდა სტაინმა, მთელი ეპოქა შექმნა ლიტერატურაში და უდიდესი სახელები დატოვა. ჯორჯ ორუელი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯონ დოს პასოსი, უილიამ ფოლკნერი, ეზრა პაუნდი. ესენი თუ დაკარგულები არიან, აბა ნაპოვნი ვინღაა? მგონი ძალიან არაზუსტი იარლიყია. მე კი ძალიან მაღიზიანებს ნებისმიერი იარლიყი, მითუმეტეს – არაზუსტი. ჩვენ, დაკარგული კი არა „დახოცილი თაობა“ ვართ. ისიც იმიტომ, რომ ომი იყო. ომში კი, როგორც წესი, ბიჭები იხოცებიან. და სხვათა შორის, ეს ომები ჩვენ ნამდვილად არ დაგვიწყია, იმის მიუხედავად, ვმონაწილეობდით თუ არა საბრძოლო მოქმედებებში.
– ავღანეთი…
– ავღანეთო ჩემო ავღანეთო! ძალიან უცნაურია, მაგრამ ავღანეთი ჩვენს ბედისწერად იქცა, თუ ჩვენ ვიქეცით ავღანეთის ბედისწერად. სპარსეთიდან მოყოლებული, გიორგი სააკაძე, ზურაბ არაგვის ერისთავი, გიორგი XI, ყველანი ავღენეთში ომობდნენ. მერე საბჭოთა იმპერიასთან ერთად მოგვიწია ცხრა წელი ავღანეთში ბრძოლამ. ახლა „ნატო“, „აისაფი“ და ისევ ავღანეთი. არ ვიცი, როგორ და რატომ ხდება ასე. რა მისტიური დამთხვევაა. საერთოდ შემთხვევით, ალბათ არაფერი ხდება ამ ცოდვილ სამყაროში. 2013 წელს, გამომცემლობა „სიესტამ“ ჩემი მოთხრობების კრებული -„ქალაქი თოვლში“ გამოსცა. ამ კრებულში ორი ვრცელი მოთხრობაა შესული: „მკვლელი“, რომელიც აფხაზეთის ომზე და პარტიზანულ მოძრაობებზეა და „მუსაქალა“, რომელიც თანამედროვე ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებს აღწერს. ყველაზე კარგად ჩემი დამოკიდებულება აფხაზეთის და ავღანეთის ომების მიმართ, ამ მოთხრობებში ჩანს. ისე კი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ომში მართალი ის არის, თუ საერთოდ ომში ვინმე შეიძლება იყოს მართალი, ვის მიწაზეც მიმდინარეობს ბრძოლა. სხვის სამშობლოში, იარაღით ხელში, არაფერი გესაქმება.
– საერთოდ, რატომ გადაწყვიტე კონფლიქტის ზონებში მუშაობა?
– რა ვიცი, აბა? რა მინდოდა? საერთოდ კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, სინამდვილეში არანაირი კონფლიქტური ზონები და ცხელი წერტილები არ არსებოს. იქაც ზუსტად ჩვენნაირი ხალხი ცხოვრობს. ექსტრემალური სიტუაცია კი, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეექმნას, თუნდაც საკუთარ სამზარეულოში.
– გრძნობა – რომელიც კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულს გრჩება?
– უცნაურად გამსუბუქებული და გასროლილი თოფივით დაცარიელებული. დაახლოებით ისე, როგორც მოთხრობის დაწერის შემდეგ. ერთადერთი, რასაც ასეთ ადგილებს და ზემოთ ნახსენებ ექსტრემალურ ვითარებას ვერ წაართმევ, ის არის, რომ საფრთხე საოცრად გიმძაფრებს სასიცოცხლო ინსტიქტებს. სულ სხვა თვისებები შეიძლება აღმოაჩინო როგორც საკუთარ თავში, ასევე შენ გარშემო მყოფ ადამიანებში. გაცილებით ნაღდი და ნამდვილი ხარ, ისევე როგორც წერის დროს, აქაც ვერაფერს მოიტყუები, ვერ ითამაშებ, ღია კარტია დარიგებული, რაცა ხარ ეგა ხარ და მორჩა.
-კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულს, თუ გიჭირს გარემოსთან ადაპტირება?10814189_764345906947797_1082415170_n
-არა, არანაირად. გაუთავებლად ვყვები ამბებს და ვტრაბახობ. მე მგონი, საერთოდ მაგიტომ დავდივარ ეგეთ საინტერესო ადგილებში, რომ სატრაბახო არ გამომელიოს. თუმცა კოშმარები მაინც მესიზმრება, მაგრამ მაგაზე არ ვლაპარაკობ. წერით კი ვწერ ხოლმე, თუ ძალიან შემაწუხეს მოჩვენებებმა!
– ყველაზე ხშირად რის გამო გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა?
– თითქმის ყველაფრის გამო. დიდი ომი და ხელჩართული ბრძოლა გვაქვს მე და ჩემს საკუთარ თავს. ვხოცავთ ერთმანეთს. თუმცა ხანდახან რაღაცებს მაინც შევასმენთ ხოლმე ერთმანეთს. მოკლედ ეგ დიდი და გრძელი ამბავია, აქ ვერ დაეტევა. ეგ კი არა, მგონი სიკვდილის შემდეგაც გაგრძელდება ეს ჩვენი შუხური!
– ქართული თანამედროვე ლიტერატურა…
-„დაკარგული თაობის“ შესახებ რომ ვსაუბრობდით, ჩამოვთვალეთ მწერლები, რომლებიც ამ ე.წ. დაკარგულმა თაობამ მისცა მსოფლიოს. უცნაურია, ან შესაძლოა, არაფერიც არ არის უცნაური, მაგრამ ჩემმა თაობამაც მოახერხა, რომ დღეს, საქართველოში, ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროცესები მიმდინარეობს. ამ დაქცეულ, დამარცხებულ, გარე თუ შიდა მტრებისგან (მტრებში კი, უპირველესად, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) შუაზე გახეულ ქვეყანაში, თუ რამე ხდება კარგი, მნიშვნელოვანი და საინტერესო, ისევ თანამედროვე ქართული მწერლობაა. განუწყვეტლივ ჩნდება მრავალფეროვანი და საინტერესო ტექსტები. თუ ჩვენ რამე საამაყო გვაქვს, ეს, უპირველეს ყოვლისა, დიდი ქართული ლიტერატურაა, რომელსაც თანამედროვე მწერლებიდან, ვფიქრობ, რამდენიმე დიდი სახელი შეემატება. ეს კი, დამერწმუნეთ, ცოტა სულაც არ არის!

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები