შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. სამუშაო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იყო შსს-ს მიერ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია, რომლის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. შსს-ს წარმომადგენლებმა სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრას პოლიციის რეფორმაში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სისხლის სამართლის რეფორმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=m61EBxO3Scg” width=”560″ height=”315″]