ირაკლი ალასანია თანამშრომლებს დაემშვიდობა (ვიდეო)

ის, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, არ უნდა შეეხოს შეიარაღებულ ძალებს და არ უნდა შეეხოს სისტემის ფუნქციონირებას – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან დამშვიდობების დროს განაცხადა. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, სამხედროებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ერთადერთი, რითიც ამაყობს, ეს არის ის, რომ თავდაცვის უწყება აბსოლუტურად არაპოლიტიკური გახდა.
“ყველას დიდი მადლობა, რომ ძალიან ბევრი რამე ერთად წამოვიწყეთ და გავაკეთეთ, რაღაცები ბოლომდე მივიყვანე და მე, ამაყი ვარ, პირველ რიგში, იმით, რომ ასეთ სამხედროებთან და ასეთ კოლექტივთან გავატარე ეს ორი წელი. მოვიდა დამშვიდობების დრო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი დამშვიდობება, რომ მომავალში საზოგადოებრივ, თუ საჯარო სარბიელზე, ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, მე, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რითიც ვამაყობ, ეს არის ის, რომ ეს უწყება აბსოლუტურად არაპოლიტიკური გახდა. მე დღესაც მინდა ვთქვა, რომ ის, რა გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული, არ უნდა შეეხოს შეიარაღებულ ძალებს და სისტემის ფუნქციონირებას. ჩვენ მაშინ ვართ ძლიერები, როდესაც ასეთი რყევები არ ეხება ინსტიტუტს. გვინდა, რომ ასეთი ქვეყანა გვქონდეს. მინდა მადლიერების გრძნობით და დიდი მომავალი იმედებით დაგემშვიდობოთ დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყანა ყველანაირ ძნელბედობას გადაიტანს. მთავარია, რომ საზოგადოება დავრჩეთ შეკრულად და ჯარმა იგრძნოს, რომ ასეთი რყევები მას არ ეხება. ჯარმა და შეიარაღებულმა ძალებმა იგრძნოს, რომ საზოგადოება მათ გვერდზე დგას და იმედი აქვს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების. მე არ გამოვყოფ ასევე სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლებს, როგორც არასამხედროებს, თქვენც აბსოლუტურად იგივე რეჟიმით მუშაობთ, მუშაობდით და იმუშავებთ მომავალშიც. თქვენ ძალიან კარგად გქონდათ გააზრებული დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურმა და ქვეყანამ ჩვენ დაგვაკისრა.
პირადად მინდა გითხრათ ერთი რამ, ყველას სათითაოდ გთვლით არა მხოლოდ თანამშრომლებლად, თანამებრძოლებლად, არამედ მეგობრებად და ეს მეგობრობა ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება თითოეულ ჩვენგანს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საქმეები ერთად გავაკეთეთ და მომავალი თანამშრომლობის იმედით დაგემშვიდობებით. ასე რომ, დროებით, ჩვენი შეხვედრა, დარწმუნებული ვარ, შედგება და ჩემი და ჩემი გუნდის იმედი ყოველთვის გქონდეთ, როგორც იმ ჯგუფისა, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროს და ჯარის ინტერესებზე. ასე, რომ, არავითარ შემთხვევში არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები და საქართველოსთვის ბრძოლას და საქართველოსთვის უკეთესი მომავლისთვის მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩემი გადაწყვეტილებაც ემსახურება იმას, რომ ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, ერთად, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეფერხდეს და ინსტიტუტის გამართულად მუშაობა ამის მთავარი საფუძველია. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს თანამშრომლები ტაშით დაემშვიდობნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Vb8tbqy_AZA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები