ალასანია დარწმუნებულია, რომ თავდაცვის უწყების დაკავებული თანამშრომელები უდანაშაულოები არიან (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, ოჯახების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში.
ალასანია თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება და მათი ბრალი გამოირიცხება.
ალასანია იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს საიდუმლო “გრიფი” უახლოეს საათებში მოეხსნება.
“ამ დღეებში მნიშვნელოვანი რაც გავაკეთე, შევხვდი ჩვენი ყველა დაკავებულის ოჯახებს. ისინი ძალიან მტკიცედ დგანან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიჭებს ოჯახების მხარდაჭერა ჰქონდეთ. ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება საიდუმლო “გრიფის” მოხსნის საკითხი და ეს გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართება”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო რეგულარულ ფუნქციონირებას გააგრძელებს. ალასანიას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ის პრემიერ-მინისტრს გადასცემს მასალებს, რომლითაც მისი თანამშრომლების უდანაშაულობა დასტურდება.
“რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, ჩვენ ამაზე პრემიერთან გვქონდა საუბარი და დღესაც გადავცემ პრემიერს ჩვენს მოსაზრებებსა და მასალებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან, თუმცა სასამართლომ და გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UCWhOgCK_iE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები