გაბუნია – ზელენსკის განცხადებაზე: უკრაინა გავერანებულია, არ გააჩნია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და მისი ლიდერი იცლის, რათა უნგრეთის თუ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებები აკეთოს
“უკრაინა, 40- მილიონიანი ქვეყანა დანგრეულია, გავერანებულია, არ გააჩნია ეკონომიკა, არ გააჩნია ინფრასტრუქტურა და მთლიანად არის დამოკიდებული დასავლურ დახმარებაზე, როგორც შეიარაღების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ამ ქვეყნის ლიდერი იცლის იმისთვის, რომ უნგრეთის თუ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებები აკეთოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გიორგი გაბუნია აცხადებს.
გაბუნია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: “მწამს, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს!”.
“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა შორს არის და როგორ არაადეკვატურად აფასებს უკრაინის ხელმძღვანელი და მისი პოლიტიკური გუნდი თავის ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.
ამიტომ, მიუღებელია უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა. ბატონი ზელენსკი ნათელი მაგალითია ამ მიმართულებით, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ განცხადებებს აკეთებს ის უნგრეთთან დაკავშირებით. მას და მისი გუნდის წევრებსაც ჰქონდათ მცდელობები, წლების განმავლობაში, საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ეკეთებინა მკვეთრი, მიუღებელი განცხადებები. ჩვენ ეს განცხადებები კარგად გვახსოვს”, – ამბობს გაბუნია.