ლევან მახაშვილი: თუ გააბრუებ ადამიანებს, არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს – ამის მიმართ სიმართლე საუკეთესო ფარია, ამიტომ არის თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება

“ყველას მივმართავ, ვისაც ამ გეოპოლიტიკური ქაოსის შემხედვარე, შიშის თუ გაურკვევლობის განცდა აქვს, ფიქრობს, დარდობს იმაზე, რა იქნება საქართველოში ხვალ – იქნება მშვიდობა, გაგრძელდება არნახული ეკონომიკური ზრდა და თითოეული ოჯახისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები, “- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მახაშვილმა აღნიშნა, თუ ადამიანებს გააბრუებ, ისინი გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და სულაც აღარ იქნება საჭირო ტანკებით სადმე შესვლა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის თავდასხმები იმ მედიასაშუალებებზე, ვინც სიმართლეს ემსახურება.

„გეოპოლიტიკურ ბრძოლებში, ბრძოლა მიდის არამხოლოდ მიწისთვის ან რესურსებისთვის, არამედ, სიმართლისთვის, ანუ, ადამიანების გონებისთვის. ჩვენ ვხედავთ, თუ გააბრუებ ადამიანებს, სულ არ არის საჭირო სადმე ტანკებით შესვლა, ეს ადამიანები გააკეთებენ უცხოს გასაკეთებელს და ამის მიმართ სიმართლე არის საუკეთესო ფარი. ამიტომ არის გაცხოველებული თავდასხმები “იმედზე”, “პოსტივიზე” და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება. ამიტომ, მიუხედავად უპასუხისმგებლო ოპოზიციის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისა, ავანტიურაში ქვეყნის ჩათრევის მცდელობებისა, იაფფასიანი ჰიბრიდული თუ საინფორმაციო ოპერაციებისა, საქართველოში იქნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ განვითარებას იმიტომ, რომ ქვეყანას საბედნიეროდ მართავს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და ხალხის გვერდში დგომით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდავოს,“ – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები