4 მარტი მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის ხსოვნის დღეა

4 მარტი მსახიობ იაკობ ტრიპოლსკის ხსოვნის დღეა (1919-1988).

დაიბადა დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურში.
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია; შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის მანუჩა (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), იასონი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა.
კინოში იღებენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ფოტოზე: იაკობ ტრიპოლსკი, მედეა ჯაფარიძე და ენრი ლოლაშვილი.

ირაკლი ტრიპოლსკის არქივი.
ეროვნული ფოტომატიანე ს კოლექციიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები