წნორი–ლაგოდეხის გზის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი იწყება ქალაქ წნორში, მიუყვება თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და გვერდს უვლის სოფელ ჩადუნიანს, ვარდისუბანს, ცოდნისკარს, განათლებასა და ქალაქ ლაგოდეხს. გზა სრულდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან.

მონაკვეთის საერთო სიგრძე 40.4 კილომეტრია და 2-ზოლიანი იქნება. პროექტი ორ მონაკვეთად დაიყოფა და მოიცავს: წნორი–ლაგოდეხის 30.9 კმ-იან მონაკვეთს და ლაგოდეხის 9.5 კმ-იან შემოვლით გზას.

საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია წნორი–ლაგოდეხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადა 18 თვეს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 17 თებერვლის, 18:00 საათისა უნდა წარადგინონ.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე: https://www.georoad.ge/?lang=geo&act=tenders&func=menu.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები