აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან გრენლანდიის შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ ლიდერებთან გრენლანდიის შესყიდვაზე შეთანხმების მიღწევას შეძლებს,- ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

ბესენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდება დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) იმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ლიდერები სიტუაციას არ გააუარესებენ და ყველაფერი ისე მოგვარდება, რომ ყველასთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კუნძულის შეერთებული შტატების მიერ შეძენაზე საუბრისას.

ბესენტმა სიტუაცია შეადარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებულ მასშტაბურ ტარიფებს.

“ეს იგივე ისტერიაა, რაც 2 აპრილს მოვისმინეთ. მაშინაც იყო პანიკა. მე მოვუწოდებ ყველას, დამშვიდდნენ, ღრმად ჩაისუნთქონ და დააკვირდნენ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

მანამდე, ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებდა 10%-იანი ტარიფების დაწესებას გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის მიმართ, რომლებიც ძალაში დარჩება მანამ, სანამ მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას ვაშინგტონის მიერ გრენლანდიის „სრული და საბოლოო შეძენის“ შესახებ. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 1 თებერვლიდან, ხოლო ტარიფის განაკვეთი 1 ივნისს 25%-მდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები