საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვა ამ წუთებში გრძელდება.
პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ ისაუბრა, თუ რა შეკითხვები ჰქონდა გამოძიებას ISFED-ის დირექტორ ლევან ნატროშვილთან, რომელიც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
„ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები.
დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ რეალურად და რამდენად სწორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ჰქონდათ მოთხოვნები, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რა სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ ის დაიკითხა უკვე ამ საქმეზე და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა უკვე პროკურატურას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე ღირებული მტკიცებულება მას პროკურატურისთვის არ მიუწოდებია“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.