საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ტონგ იანმინგს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ტონგ იანმინგს შეხვდა, – ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ორმხრივი შეხვედრა სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიშვილი და ჩინეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები – ჰეილონგიანგის პროვინციის მთავარი პროკურორი ლიუ იონგჩი, საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე ჩაო ჰუა, საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ოფიცერი ჰონგ ჯინპინგი ესწრებოდნენ.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. ასევე, მხარეები სისხლის სამართლის სფეროში ორმხრივი შეთანხმების დადების საკითხზე შეთანხმდნენ.
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სამუშაო სესიას ესწრება.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP), მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს – აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.