ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი საქმე არ არის, უთხრას ქართველებს, რომელმა პარტიამ რა უნდა გააკეთოს.
“ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო. უამრავი მაგალითია, შეგვიძლია გავიხსენოთ 27-ვე ქვეყნის ელჩმა რომ მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სააკაშვილს ჩვენ ვკლავდით და ვაწამებდით. ქალბატონი კელი დეგნანი შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. იგივე ბატონი ჰერჩინსკი, რომელიც ძალიან უხეშად ერეოდა წინასაარჩევნო პერიოდში და ფაქტობრივად, ირიბად, მოუწოდა ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომ ხმა არ მიეცათ “ქართული ოცნებისთვის“. ის დუმილი, როდესაც ისინი ხმას არ იღებენ იმასთან დაკავშირებით, როდესაც ევროკავშირიდან დაფინანსებული “ენჯეო” ორგანიზაციები აქ ეწევიან კლასიკურ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმს და ფსიქოლოგიურად ძალადობენ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებზე, ამას არ გმობენ, ისინი ჩვეულებრივად ხვდებიან ამ ყველაფერს და ამით, რა თქმა უნდა, ირიბადაც და პირდაპირაც ახალისებენ, რადგან შემდგომ ისევ განვითარდეს იგივე ტიპის ძალადობა საქართველოში,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.