“საქართველოს პარლამენტმა მიიღო მედიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც თავიდან ბოლომდე, დაფუძნებულია ბრიტანულ მოდელზე. თუ ბრიტანეთის ელჩი აკრიტიკებს ამას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის აკრიტიკებს თავისი ქვეყნის კანონსაც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.
ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გარეთ უორდის განცხადებას ეხმაურება.
ელჩმა პრესის თავისუფლების დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხელისუფლება მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულა.
“სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად გასაკვირი არ არის ბრიტანეთის ელჩისგან მსგავსი განცხადებები. ადამიანისგან, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ერთ-ერთ ოპოზიციურ არხს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომლითაც იკვეთებოდა, რომ ის მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდა. ამ ინტერვიუდან გამომდინარე იკვეთებოდა შენიღბულად თუ ღიად, რომ ამომრჩეველს მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირა”, – აღნიშნა მიქანაძემ.