აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ცნობილი ყოფილი ციხის, ალკატრასის ხელახალი გახსნისა და გაფართოების ბრძანება გასცა.
ქვეყნის ლიდერმა ალკატრასის ხელახალი გახსნა და გაფართოება აშშ-ის ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-სა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დაავალა.
“ამერიკა სასტიკი და მოძალადე კრიმინალებისგან ზედმეტად დიდხანს იტანჯებოდა – საზოგადოების ნარჩენებისგან, რომლებიც ტკივილისა და ტანჯვის გარდა, ვერასდროს ვერაფერს შემატებენ ქვეყანას. წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, ყველაზე სახიფათო დამნაშავეთა იზოლაციის არ გვეშინოდა – სწორედ ასე უნდა იყოს ახლაც.
მე ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი, რათა ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეები განთავსდნენ“- განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ალკატრასი 1963 წელს ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობისა და მაღალი ხარჯების გამო დაიხურა – საკვები, საწვავი და სხვა რესურსების კუნძულზე მიწოდება მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.
ახლა ალკატრასის ციხე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.