„მეგობარი აქტი“ არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს” – გივი მიქანაძე

„მეგობარი აქტი“ არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამ აქტის დასახელება იმ კონტექსტს აბსოლუტურად არ შეესაბამება, რომელიც ამ მოცემულობაშია წარმოდგენილი.

“ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ, უკვე მიანდეს ამ ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ, აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი – უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმ დინამიკურ განვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.

შესაბამისად, ის მოცემულობა და მცდელობა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვალ-ყურს ვადევნებთ, რომელიც კონკრეტული ძალების მიერ არის ნაკარნახევი და მათი უშუალო ჩართულობით ხდება ამ პროცესების განვითარება, წარმოადგენს უსამართლობას და ელემენტარულად საქართველოს უპატივცემულობას. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები