ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის პატრონები თუ გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მიიღებენ სრულ განადგურებას, მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება
“ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში საპასუხოდ მე-10 საიუბილეო დამარცხებას მიიღებს.
“ამას მტკიცება არ სჭირდება, რომ ოპოზიციური პარტიები კონკრეტული დავალებებით მოქმედებენ, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც შეიძლება ძალიან აქტიურად არ იყოს პოლიტიკურ ნიუსებში ჩართული და არ ადევნებდეს ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად პოლიტიკას თვალს. თვალსაჩინოა და ხელის გულზეა ყველაფერი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რაც უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი, მით უკეთესი ჩვენი პოლიტიკური სივრცისთვის. თუ გადაწყვეტენ მათივე პატრონები, რომ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, უკვე სრულ განადგურებას მიიღებენ. მე-10 საიუბილეო დამარცხება იქნება და საზოგადოება გასცემს პასუხს, მათ ბოლო წლინახევრის მოღვაწეობას. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებულები ვეცდებით, რომ ის დიდი საკითხი, დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, მივიყვანოთ ბოლომდე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.