ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა
ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიტუაცია საქართველოს რეალობის უგულებელყოფის შედეგია.
„როგორ შეიძლება პრორუსული იყოს მთავრობა, რომელმაც არ შეეგუა თავისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, რომელიც ითხოვს, რომ რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანოს, რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისთვის? არსებული სიტუაცია საქართველოს რეალობის უგულებელყოფის შედეგია. არსებული სიტუაცია სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსის უპრეცედენტო ჩარევის შედეგია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მხრიდან დამოკიდებულებების ცვლილება დაცვით მექანიზმს წარმოადგენს, რაც პასუხია უსამართლო ზეწოლაზე ევროპის მხრიდან. რუსეთთან მიმართებაში საქართველოს რთული რეალობის გააზრების ნაცვლად, ევროკავშირმა ქართველებისთვის ბრძანების გაცემა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობაში ბალანსი უნდა გამონახოს, რადგან ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს ვერ სთავაზობს. რუსეთის ჯარი თბილისში სამ დღეში შეიძლება აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობდა, საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად“, – აღნიშნა ბრანისლავ ონდრუშმა.