ლაშა მარგიშვილი: EQAR-ში რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას, გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას არ უკავშირდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მარგიშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში ცენტრისთვის რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას, გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას არ უკავშირდება.
„მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხი. ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის EQAR-ს წევრ ორგანიზაციას 2019 წლიდან. ასევე, 2019 წელს ცენტრი ასევე გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრი. 2023 წელს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაიარა მორიგი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. 11 სტანდარტთან მიმართებით ცენტრი შეფასდა როგორც სრულად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. 2 სტანდარტთან მიმართებით – ეს ეხება ცენტრის დამოუკიდებლობას და ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, საერთაშორისო პარტნიორებმა შეგვაფასეს როგორც ნაწილობრივ შესაფერისი. ამის შემდეგ, ENQA-ს შეფასების კომიტეტმა და EQAR-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში, დამოუკიდებლობის ნაწილში, ცენტრი შეფასებულიყო როგორც – „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არავითარი გავლენა არ აქვს დიპლომების და კვალიფიკაციის აღიარების საკითხთან.
როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, კვლავ იმგვარად იქნება აღიარებული ჩვენი დიპლომები. გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე EQAR-ის გადაწყვეტილება რამენაირად უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას – არც ეს არის სწორი ინფორმაცია. ჩამოთვლილთაგან არცერთს არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება“,- განაცხადა მარგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.