„გამარჯობათ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პაწაწუნა თოჯინები, ყველა მათგანი უნიკალურია და დიდი სითბოა ჩაქსოვილი“ – ესმერალდა მესხის რეალობად ქცეული ოცნება და „ღიმილის ხიდი“ იტალიიდან

გამარჯობათ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პაწაწუნა თოჯინები, ყველა მათგანი უნიკალურია და დიდი სითბოა ჩაქსოვილი, მთლიანად ჩემი შექმნილია“ – ასეთ წარწერას წავაწყდი ერთ-ერთ ჯგუფში, ხელნაკეთ თოჯინებთან. მერე მათ ავტორსაც დავუკავშირდი.
დაიბადა ასპინძის რაიონში. დედისგან შეისწავლა ხელსაქმე. დადიოდა მუსიკაზე, ხატვაზე. სკოლის შემდეგ სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტში,მუსიკა-მეთოდიკა-პედაგოგიკის განხრით.
მისი მეუღლე რენცო ანდრეინი იტალიელია. 2014 წელს ერთობლივად დააარსეს კულტურული საზოგადოება „არტელანდია“, რომელიც ხელს უწყობს საბავშვო თეატრალური პროექტების დამუშავებას. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის სხვა სპექტაკლებთან ერთად იტალიაში დადგეს ვაჟა-ფშაველას „სათაგური“.მეუღლესთან ერთად ჩართულია პროექტში – მუსიკალური სამოყვარულო თეატრი დიდებისთვის. თეატრი სტუმრობს საავადმყოფოებს და ატარებენ სპექტაკლებს.
მონაწილეობენ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ერთ-ერთი ასეთი იყო მილანთან ახლოს, ვარეზეში,  ძალიან დიდი საქველმოქმედო ღონისძიება  –  „ღიმილის ხიდი“.
ხელნაკეთი თოჯინების შექმნის იდეა 3 თვის წინ დაიწყო, ბავშვობიდან  ოცნებობდა მათ დამზადებაზე.  ამბობს, რომ ოცნება რეალობად იქცა. მომავალში საკუთარი ბრენდის შექმნასაც გეგმავს. – ხელოვანის, ფორტეპიანოს  და მუსიკის მასწავლებლის,  დირიჟორის – ესმერალდა მესხის პერსონა.

– დავიბადე ასპინძის რაიონის დაბა ასპინძაში, ისტორიული ძეგლებით ცნობილ  მხარეში.  14 წელი იქ გავატარე, რვა კლასის დამთავრების შემდეგ გადმოვედით თბილისში, სადაც გავაგრძელე სწავლა.
14 წელი ვცხოვრობდი ასპინძაში, მაღალმთიანი და ძალიან ლამაზია ჩემი მხარე, მთებში ჩაკარგული… საძინებლის ფანჯრიდან მოჩანდა ეს მთები და ყოველდღე ვუყურებდი.   ბავშვობამ იქ გაიარა, გაზაფხულზე ენძელებსა და იებზე დავდიოდით, ზაფხულობით მდინარე გვქონდა, სახლის გვერდით ჩამოგვიდიოდა.  შემოდგომაზე ასკილის საკრეფად დავდიოდით… მე თვითონაც ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, აქტიურად ჩართული სასკოლო და საბავშვო აქტივობებში, ბევრი კარგის წამომწყები და ინიციატორი….
დედა ფილოლოგი იყო, წითელი დიპლომზე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. სამწუხაროდ, არც დედა, არც მამა და ერთადერთი ძმა, ცოცხლები აღარ არიან, ჟურნალისტად მუშაობდა  რაიონული გაზეთის რედაქციაში, მამამაც წითელი დიპლომზე დაამთავრა  სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი,  ძალიან უყვარდა ბუნება, მეტყევე იყო,   მთაში, ტყეში ხშირად დადიოდა. მეც დავყავდი… მამა მუშაობდა, მე კი  მინდორში დავრბოდი, ყვავილებს ვკრეფდი. შინ ვბრუნდებოდით და მოგვქონდა ჟოლოს, ტყის მარწყვი, მოცვი. ასპინძაში გატარებული 14 წელი სამოთხე იყო. ძმა ჩემზე 8 წლით უფროსი იყო, პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ასპინძის საპროექტო ბიუროში მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ ორი მამა მყავდა. ზღაპრებზე გავიზარდე, ძილის წინ მიკითხავდნენ ზღაპრებს. ისე არ ვიძინებდი. ბოლოს დამაყენეს ფაქტის წინაშე, ახლა შენ უნდა ისწავლო კითხვაო. სკოლაში რომ მივედი, უკვე წერა-კითხვა ვიცოდი.
დედამ შემასწავლა ხელსაქმე – ხატვა, მუსიკა, ცეკვა. დედის წინაპრები მუსიკოსები იყვნენ. ამიტომ ძალიან კარგად უკრავდა მანდოლინაზე, გიტარაზე, ზოგადად, რა მუსიკალური საკრავებიც ჰქონდათ ოჯახში, ყველაფერზე უკრავდა. დედას ძალიან უყვარდა ხელსაქმე. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, რა დროსაც კი გამონახავდა ხოლმე, ქარგავდა, ქსოვდამოგვიანებით, როდესაც სტუდენტი გავხდი, კერვა მე თვითონ შევისწავლე. მონდომებული ვიყავი, ჩემთვის ვიკერავდი ნაირ-ნაირ ტანსაცმელს. ეს ცოდნა ცხოვრებაში გამომადგა. თეატრალურ კოსტიუმებს ვკერავ, დეკორაციებს მე თვითონ ვაკეთებ და ძალიან მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება.
  ბავშვობიდან დადიოდით მუსიკაზე და ხატვაზე…
– 7 წლისა დედამ სამუსიკო სკოლაში შემიყვანა. იმავე წელს ჩავეწერე ხატვის წრეზე, 4 წელი ვიარე, შევისწავლე აკვარელით ხატვა, ბოლოს გამოფენაც კი გაიმართა. მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ასპინძაში დავამთავრე,  ორივე ერთად ბევრ დროს მთხოვდა და მუსიკა ავირჩიე. მაგრამ ის ხატვაზე სიარულის 4 წელიც მეყო ჩემს მომავალ საქმიანობაში.
შვიდწლედი ასპინძაში, 8 კლასი კი ასპინძის საშუალო სკოლაში დავასრულე, შემდეგ გადმოვედი თბილისში, სწავლა გავაგრძელე დიმიტრი არაყიშვილის პირველ სამუსიკო სასწავლებელში,  შემდეგ უკვე სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტში, მუსიკა – მეთოდიკა – პედაგოგიკის განხრით.  გომარ სიხარულიძე იყო კათედრის გამგე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ფორტეპიანოს და მუსიკის მასწავლებლის, აგრეთვე დირიჟორის კვალიფიკაცია.– მეუღლე იტალიელია, ერთობლივად დააარსეთ კულტურული საზოგადოება „არტელანდია“…
– ეს არის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ასოციაცია, რომლის პრეზიდენტია ჩემი მეუღლე – რენცო ანდრეინი. ასოციაცია, რომელიც 2014 წელს დავაარსეთ, ხელს უწყობს  საბავშვო თეატრალური პროექტების დამუშავებას.
გვაქვს ორი პროექტი: საბავშვო მუსიკალური აღმზრდელობითი თეატრი ბავშვებისთვის და მეორე – მუსიკალური თეატრი დიდებისთვის.
პირველი პროექტი – აღმზრდელობთი თეატრი ბავშვებისთვის  რვათვიანი მუსიკალური კურსია. როცა სკოლაში  იწყება სწავლა, მაშინ ვიწყებ მუშაობას. გათვალისწინებულია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის.  უკვე დავდგით:  „პინოქიო“, „ჩექმებიანი კატა“, „ჭინჭრაქა“, „მძინარე მზეთუნახავი“, „პატარა უფლისწული“, „სათაგური“.მე-2 პროექტია – მუსიკალური სამოყვარულო თეატრი დიდებისთვის. მე და ჩემი მეუღლეც ვდგავართ სცენაზე სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანებთან ერთად, 40 წლის ზემოთ. ვდგამთ სპექტაკლებს ავადმყოფი ბავშვებისათვის. ბავშვებს, რომლებიც არ არიან სახლში და კვირაობითაც საავადმყოფოებში რჩებიან, იქ ვაკითხავთ. თეატრი თვითონ შედის საავადმყოფოების პედიატრიულ განყოფილებებში და ვატარებთ სპექტაკლებს.ვმონაწილეობთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ძალიან დიდ საქველმოქმედო ღონისძიებას  –  „ღიმილის ხიდი“, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოს ვარეზეში ვატარებთ.  მილანთან ახლოს, ვარეზეს ოლქში ვცხოვრობ და ვარეზე ამ ოლქის ცენტრია.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შეგროვილი თანხით ყიდულობენ ძალიან ძვირფას აპარატურას პედიატრიული განყოფილებებისთვის. ჩვენ, ასე ვთქვათ, დიდების სამოყვარულო ჯგუფს,  ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ამაში.
მე  ვარ უმაღლესი განათლებით ფორტეპიანოს,  მუსიკის მასწავლებელი და გუნდის ხელმძღვანელი. ამავე დროს, იტალიაში მიუზიკლებს ვდგამ,  ფორტეპიანოში კერძო გაკვეთილებს ვატარებ.ერთადერთი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა – 15 წელია აქ ვარ და ქართული აქცენტი და ენა  არ დამიკარგავს. წარმოიდგინეთ – სამსახურში იტალიური, მეუღლე იტალიელი, ბავშვებს იტალიურს ვასწავლი, ფორტეპიანო იტალიურად, ყველაფერი იტალიური, ქართულად ლაპარაკს ვახერხებ მხოლოდ ვიდეოჩართვებით და მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ. წელიწადში ორჯერ ვახერხებ ჩამოსვლას.
ხელსაქმეს პროცესში ქართულ აუდიოწიგნებს ვუსმენ და ვუსმენ…
–  ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ იყო საბავშვო მუსიკალურ-აღმზრდელობით თეატრის პირველი სპექტაკლი…
– ეს ამბავი ასე იყო: ჩვენს მეზობლად ცხოვრობს  მწერალი, ფენტეზის ჟანრის ავტორი,  მარტინა ჩილენტო, საკმაოდ ცნობილი ადამიანია. მას ვთხოვე დახმარება. მოვუყევი ვაჟა-ფშაველას ისტორია, იგი დამეხმარა თარგმანში. 2014 წლის აპრილში ჩამოყალიბდა ჩვენი ასოციაცია და დეკემბერში უკვე სპექტაკლი გვქონდა მზად. დეკემბერში ვაჟა-ფშაველას „სათაგურმა“ ახლომახლო თითქმის ყველა საავადმყოფო მოიარა.

ვაჟა-ფშაველას „სათაგური“

ქალაქი მონცა ევროპაში ცნობილი ონკოლოგიური საავადმყოფო და მთელი ევროპის  ბავშვების სისხლის გათეთრების უმთავრესი ცენტრია. ამ საავადმყოფოს აქვს თავისი სასტუმრო, სადაც მშობლები ცხოვრობენ. ის ბავშვები, რომლებიც უკვე გადასხმებზე არ არიან, შეუძლიათ საავადმყოფოს დატოვება ორიოდე დღით და მშობლებთან ყოფნა… 2014 წლის დეკემბერში სწორედ მონცაში გვქონდა პირველი სპექტაკლი. წარმოიდგინეთ, მამას მუხლზე უზის გადასხმაზე მყოფი ონკოლოგიური პაციენტი, შვილი, რომელსაც თმა არ აქვს, ბავშვი იცინის და უკან მოჩანს მტირალი მამა.
დეკემბერში 11 სპექტაკლი დავდგით. შემდეგ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც ვესტუმრეთ. ვარეზეს ოლქში უკვე ყველა ცენტრალური საავადმყოფო გვიცნობს. მუსიკალური თეატრის, მიუზიკლების უნიკალური ჯგუფი ვართ, რომელიც  საავადმყოფოებს სტუმრობს.
  როგორ დაიბადა ხელნაკეთი თოჯინების შექმნის იდეა?
– ამაზე ფიქრი ძალიან პატარამ დავიწყე, ყველა ბავშვს თავისებური აკვიატება აქვს. ჩემი აკვიატება იყო თოჯინების მაღაზიაში ხელგაშვერილი დგომა, რომ ეყიდათ ჩემთვის თოჯინა. მე ყოველთვის თოჯინათი ხელდამშვენებული გამოვდიოდი მაღაზიიდან და ასე შეიქმნა ჩემი კოლექცია.
მივიტანდი, დავდებდი და ვტკბებოდი, ვეფერებოდი, როგორც ცოცხალ არსებებს.
ხელნაკეთი თოჯინები დავიწყე 3 თვის წინ, მანამდეც სულ მინდოდა, მეკეთებინა ისინი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, გავიზრდები, ჩემი სახელოსნო მექნება, თოჯინებს გავაკეთებ-მეთქი. აგერ, 59 წლისამ, როგორც იქნა, მოვიცალე. შექმნის იდეა ათეული წლის წინ დაიწყო და ახლა იქცა რეალობად. პირველ ნაბიჯებს ვდგამ.
  პირველი თოჯინა…
– პირველი თოჯინა  წელს, აგვისტოში, შეიქმნა. მოვიმარაგე მასალები. 15 წლის  განმავლობაში, თეატრის კოსტიუმების და დეკორაციების შექმნისას, ვინც მიცნობს, ყველა ცდილობს, ძაფები ან ნაჭრები მომიტანოს… ასე დამიგროვდა მასალები. დროც გამოვნახე და დავიწყე ფეხსაცმელებიდან, ერთი კვირა ფეხუნიებს ვაკეთებდი. შემდეგ ტანზე დავიწყე ფიქრი და ნელ-ნელა გავედი ბოლოში, ანუ თავისკენ.
მუშაობის პროცესი რომ ნახოთ, ვერ გეტყვით, რას ვკერავ. თანდათან მოდის იდეები. ჩემი პირველი თოჯინაა ხავსისფერი პალტოთი, ოქროსფერი ღილებით. თმებიც ოქროსფერია. თავი ყველაზე ბოლოს გავაკეთე.
მუშაობის პროცესი ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს. როცა ვიწყებ თეატრალური კოსტიუმის შეკერვას, რომ მითხრათ, რას კერავო, ვერ გეტყვით. მუშაობის პროცესში მოდის ფანტაზია. იგივე „დაემართათ“ ჩემს თოჯინებსაც.  მადლობა უფალს,  პაწაწუნები, ეშმაკები და პრანჭიები გამოვიდნენ.
ნელა ვმუშაობ, რადგან  მინდა, რომ ყველაფერი აკურატულად იყოს შესრულებული, მარტო ჩაცმას მინიმუმ ორ დღეს ვანდომებ. თუ დააკვირდებით, ტანსაცმელი შიგნიდანაც დახვეწილად არის გაკეთებული. ტანსაცმელს ისე ვუკერავ, როგორც ნამდვილ ცოცხალ ბავშვს, ადამიანს. სამომავლოდ მინდა რაიმე აქსესუარებიც ჰქონდეთ.
ვფიქრობ, დიდი მოდელების პატარა შაბლონები უნდა იყვნენ. ბუნებით ვარ მაქსიმალისტი. თუ ვაკეთებ, ხარისხიანი უნდა იყოს, თუ არადა, ხელს არ მოვკიდებ.  ვინც ნახულობს ჩემს თოჯინებს, ყველას მოსწონს. მაგრამ ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, მინდა უფრო მეტად  დავხვეწო. ბუნებით ვარ ასეთი, არ შემიძლია საქმის სანახევროდ  გაკეთება.  საკმაოდ შრომატევადი საქმეა. რა მასალებს იყენებთ და რამდენი ხანი გჭირდებათ?
– ნამდვილად, ძალიან შრომატევადია, მაგრამ ოცნებას ფრთა შევასხი და შრომის პროცესიც ჰაერივით მანიჭებს სიამოვნებას. ხშირად მიფიქრია, ნეტა ადრევე დამეწყო ეს საქმე-მეთქი.
სახელოსნო ჩემი სამყაროა, რომ ჩავიკეტები, აღარავინ მაწუხებს. სამი ოთხი დღე მაინც მჭირდება… ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა შეკერო. დაიჯერებთ, რომ ერთი დღე პალტოს შეკერას მოვანდომე?. აუწერელია, ისეთი შრომაა ჩადებული. არც კი ვიცი, რა ფასი დავადო. მინიმუმის მინიმუმი დავადე, სიმბოლური. მასალებია: მუყაო, ღრუბელი, პოლისტიროლის დიდი და პატარა ბურთი, სხვადასხვა ხარისხის ბამბის და შალის ნაჭრები, საქსოვი ძაფები, აკრილის ხარისხიანი საღებავები.
დავახატე ბურთს. დავახატე თვალები აკრილის საღებავებით. მგონია რომ ნამდვილია. მზა თვალებიც იყიდება. ხელოვნური თვალები არ მინდოდა, მე დავხატე. ჩემეული ტექნიკა მაქვს.
  შთაგონება?
– მთლიანად შთაგონებით ვარ მოცული. რომ დავიწყებ, მთავარია, ფეხსაცმელი ჩავაცვა და სწორედ იმ ფეხსაცმლიდან მოდის ფიქრი, რა მოუხდება მას, როგორი წინდა და ა.შ. ნელ-ნელა ავდივარ ზევით, თავისკენ, ნაძვის ხესავით. ასე ვთქვათ, მოსიარულე შთაგონება ვარ.
ახალი წელი მოდის...
– ყოველ ახალ წელს ოჯახში საჩუქრებს  მე ვაკეთებ. იშვიათად რომ რამე ვიყიდო. ამ მხრივ იმდენად „გამიტყდა“ სახელი, ვინმეს რამეს რომ ვჩუქნი, მეკითხებიან, შენ გააკეთეო? არა, ნაყიდია-მეთქი, ვეუბნები… ბევრი აქსესუარი გავაკეთე, გირჩებიდან დაწყებული, ნაძვის ხის სათამაშოებით დამთავრებული.
ვაჟას „სათაგურზე“ რომ ვმუშაობდი, ორი ანგელოზი მაშინ გავაკეთე. საყვირზე უკრავენ, თეატრალურ ფარდაზე იყო დამაგრებული – აქედან და იქიდან.
როგორი იქნება თქვენი ნაძვის ხე? ალბათ თქვენი ხელნაკეთებიც დაამშვენებს მას…
– არასდროს მიფიქრია ნაძვის ხეზე ხელნაკეთების ჩამოკიდება. ისინი მხოლოდ მეგობრებისათვის კეთდება. „არტელანდიის“ წევრებისთვის დავამზადე სასაჩუქრე პატარა გირჩუნიები, ტილოს ბაფთებით. შემდეგ კი, მოვქარგე.
    საინტერესო ამბავი…
– სასაცილო ისტორიას გავიხსენებ: ერთხელ, ბავშვობაში, არ მიყიდეს თოჯინა და  დღემდე მახსოვს წყენა. მაღალი თოჯინა იყო, უკრაინული ტანსაცმლით, მოკლე ქვედაბოლოთი, თავზე ყვავილების გვირგვინი ედგა, უკან ბაფთები ეკეთა… ძვირიც ღირდა, მთელი ხელფასის თითქმის მეოთხედი. მამა შემპირდა, რომ დაბადების დღეზე მიყიდიდა  და აღმოჩნდა, რომ დაბადების დღეზე უკვე სხვამ შეიძინა…
ის წყენა რომ ჩამრჩა, იმ თოჯინის ჯავრით, ერთი თოჯინა  გავაკეთე, მელაკუდას ყურებით და ბორდოსფერი კოსტიუმით…
ჰობი…
– ჩემი ჰობი ხელსაქმეა. ქსოვა და ქარგვა მეხერხება, რასაც დედაჩემი  აკეთებდა, იმავეს ვაკეთებ.  როგორც გითხარით, ამოვდივარ სახელოსნოში  და ვქმნი.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით მთაში. მეუღლე მთელი ცხოვრება მთებში დადის. კილიმანჯაროზეა ასული, ევერესტზეც ბაზამდე ავიდა. ძალიან აქტიურია, დადის ტყეში, მთებში, მწვერვალებზე და მეც დავყავარ.  ჩემი ჰობი ბუნება და მთებში სიარულია. თითქოს სისხლმა იყივლა და ასპინძაში გატარებული 14 წლის გამოძახილია, როცა მამიკომ  შემაყვარა  ბუნება. ასეც რომ, ბუნებაში, მთებში ყოფნა და სახლში ხელოვნებაა მთელი ჩემი ჰობი…
–  როგორ გიდგათ მხარში ოჯახი?
– უკვე 15 წელი იტალიაში ვარ გათხოვილი, სულხან-საბას ინსტიტუტში სწავლისას იტალიური ავირჩიე, კარგად  ვიცოდი, ჩემი მომავალი მეუღლე სამოგზაუროდ იყო საქართველოში ჩამოსული. თარჯიმნადაც ვმუშაობდი. იქიდან გავიცანი. შემდეგ იტალიაში დამპატიჟა.  ასე დავიწყეთ ერთად ცხოვრება. დიდ პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, ყველანაირად გვერდში მიდგას. საზოგადოება „არტელანდია“ შექმნა და დღემდე მისი პრეზიდენტია. ხელოვნების და თეატრალურ მუსიკალურ პროექტებს ვახორციელებთ. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი საინტერესო ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში.
მყავს  32 წლის შვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს,  საინფორმაციო ინჟინერია. ციფრული დიზაინერი. ყველანაირად მხარში მიდგას, კარგი შვილი მყავს. მეუღლეც და შვილიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებას ფრთა შეასხან.
სამომავლო გეგმები…
– როდესაც პირველად თოჯინები ჯგუფში დავდე, დამიწერეს, რომ არ ჰგვანან სხვას. ყველაზე დიდი შეფასება ჩემთვის ეს იყო. მიხარია, რომ ჩემეული განსხვავებული შევქმენი. მინდა სამომავლოდ ჩემი ბრენდი შევქმნა. საბავშვო მუსიკალურ თეატრშიც გავაგრძელო მოღვაწეობა, ფორტეპიანოსაც კვლავ დავუთმო დრო და ენერგია… ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

 

                                                                                                             თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები