გიორგი კალანდარიშვილი: ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი

“ეუთო/ოდირის დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი”,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ეუთო/ოდირის როლი მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, გამოქვეყნებული დასკვნა ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი. ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ, ტექნიკურ ნაწილში, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც. რა თქმა უნდა, ანგარიშს როდესაც ვკითხულობთ გასათვალისწინებელია, როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც მოცემულია ანგარიშში. ეს თავის მხრივ, საჭიროებს ანალიზს, შესწავლას. მისი გათვალისწინება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენ თუ ვნახავთ სხვადასხვა ქვეყნების შეფასებებს ევროპული და მსოფლიო მასშტაბით კარგად ამოვიკითხავთ, რომ ეს არის ამ კომპლექსურობის ნაწილი, როცა საუბარია როგორც პროგრესზე, მიღწევებზე ასევე სხვადასხვა მიმართულებით წუხილზე, შენიშვნებზე და ამის შედეგად მოცემულ რეკომენდაციებზე.

ჩვენ ანგარიშს ვკითხულობთ ობიექტურად, კომპლექსურად და ვიღებთ როგორც დადებით შეფასებებს, ისევე, როგორც ანალიზს ვუკეთებთ იმ მიგნებებს, რაც მოცემულია დოკუმენტში. ეს დაგვეხმარება, რომ მათ შორის ეუთო/ოდირთან შემდგომი თანამშრომლობის გზით დავადგინოთ ის მექანიზმები, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებაში ინსტიტუციას კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, რათა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ შემდგომი განვითარება საარჩევნო პროცესის, მათ შორის საარჩევნო პროცედურებისა და სხვადასხვა საკითხების, რომელიც აღნიშნულია დოკუმენტში. როგორც მოსალოდნელი იყო ეუთო/ოდირის ანგარიშმა გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები, რადგან მისი წაკითხვა ხდება არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ იმ ფრაგმენტებში, რომელიც კონკრეტული ჩართული მხარისთვის ხელშესახები და საყურადღებოა.

თუმცა, ვფიქრობ, დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის. ვფიქრობ, ობიექტური შეფასების ნაწილში იმთავითვე გასაგებია დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება, რომელიც მათ შორის ჩვენს ინსტიტუციასთან მიმართებით კარგი ადმინისტრირების ხარისხით, ფაქტობრივად ასრულებს მთელ რიგ სპეკულაციებს.

ეუთო ფაქტობრივად არანაირად არ საუბრობს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. ჩვენ კარგად გვახსოვს, მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან იყო მანიპულაციურად წარმოჩენილი ის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნების შექმნას უცხოეთში. ფაქტობრივად, ამ ნაწილში არც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არც ცესკო-ს მოქმედებები არ არის შეფასებული, რაც ხაზს უსვამს, რომ ცესკო მოქმედებდა საერთაშორისო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ნაწილში არ არსებობს რაიმე წუხილი, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს, რომ ყველა ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები