შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ამომრჩეველი
“ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ამომრჩეველი, რომელიც 2 მლნ-ზე მეტი მივიდა 26 ოქტომბერს არჩევანის გასაკეთებლად – თავისი გემოვნებით გადაანაწილა პოლიტიკური წონა და ვნახეთ, რომ 54%-მა ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ამ ლეგიტიმაციის ძებნას სხვადასხვა განცხადებასა თუ ქმედებაში, ეს არის ოპოზიციის ვასალური მენტალიტეტის კიდევ ერთი წარმოჩინება. ჩვენი დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავზე ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების, „ენჯეოებისა“ და გარკვეული აქტიური პირების ჯგუფი, რომელთაც კვლავ აქვთ საბჭოური, ვასალური მენტალიტეტი – როგორც მაშინ ელოდნენ დასტურს მოსკოვიდან, ახლა დასტურს ელიან ბრიუსელიდან. ზოგი – ვილნიუსიდან, ნუ, ვისაც მთლად ვასალური განწყობა აქვს, ტალინიდანაც ელოდება ზოგიერთი ამ დასტურს. აი, ეს ჯგუფი გვყავს და ამას უთხრა სწორედ უარი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. მთელი საარჩევნო კამპანია ხომ ამაზე იყო. ჩვენ ხომ ეს ავუხსენით ქართველ ხალხს, რომ „ქართული ოცნების“ საპირწონედ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს ერთადერთი მოტივაცია, უცხოეთიდან წითელი ხალიჩების გაშლა, ხელის ჩამორთმევა, მათი პირადი, პერსონალური „ლეგიტიმაცია“, როგორც პოლიტიკოსებისა. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე – ამას ვაფრთხილებდით ჩვენს ამომრჩეველს. ამიტომაც მიიღო ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლების მანდატი „ქართულ ოცნებას“ მისცა. მათ, ვისაც აქვთ ვასალური და მონური მენტალიტეტი, არ მისცა მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თმით, ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოებისთვის“ ქართველი ხალხი არაფერს წარმოადგენს.
„მათთვის მთავარია ესტონეთის პარლამენტის წევრი მას შეაქებს თუ არ შეაქებს, ლიტვის პარლამენტის წევრი შეაქებს თუ არ შეაქებს და ბრიუსელიდან რას ეტყვიან. პოლიტიკოსების ასეთი ჯგუფი გვყავს ჩვენ. ასე, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, თუკი ვინმეს მაინც და მაინც აინტერესებს სიმბოლიზმები და სურათები, ევროსაბჭოს გენმდივანი იმყოფებოდა პარლამენტში და მქონდა შეხვედრა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დროშების ფონზე. თუკი მაინც და მაინც უნდათ ჩაიხედონ ეუთო/ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიცია მოხსენიებული ჰყავს როგორც „პარლამენტის არჩეული ოპოზიციური წევრები“ – 61 ადამიანი სიტყვა სიტყვით მოხსენიებულია როგორც პარლამენტის არჩეული წევრები. თუკი აინტერესებთ, ეს წაიკითხონ და აქედან გამოიტანონ დასკვნა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.