ქალაქის მერმა მეტროსადგურ „ავლაბრის” ახლად განახლებული ზედა ვესტიბიული დაათვალიერა

მეტროსადგურ „ავლაბრის” ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, სხვა მეტროსადგურების განახლებაც იგეგმება.

„პროექტის განხორციელებამ გარკვეული დრო წაიღო, რადგან, როდესაც დემონტაჟი განხორციელდა, გამოვლინდა ძალიან სერიოზული პრობლემები, მთლიანად ამორტიზებული იყო შენობა და მოგვიწია გამაგრება. პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა ზედა ვესტიბიული, ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია. გვინდა, განვაგრძოთ ამ ტიპის სამუშაოები ყველა მეტროსადგურებში. გვქონდა საუბარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ჩართულობით შევძლებთ საერთაშორისო ტენდერების გამოცხადებას. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება და მომავალი წლისთვის გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერებს, რომელშიც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებენ. ზოგადად, მას შემდეგ, რაც აშენდა მეტროსადგურები, მას შემდეგ ამ ტიპის და მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. როდესაც ვიწყებთ განახლების სამუშაოებს, მაშინვე ჩნდება უფრო დიდი და სიღრმისეული პრობლემები, რომელიც საჭიროებს მეტს დროს და იწვევს უკმაყოფილებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა ლაბუჩიძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

პროექტი ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანო დარბაზის ფილის გამაგრებას და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.

სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შემდეგ, აუცილებელი გახდა სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგრადობის დადგენის მიზნით. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები.

კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.

სამუშაოები ჩატარდა მეტროსადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის” მიერ.

სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4,2 მლნ ლარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები