“გუშინ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებდა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, რაც მისი საქმე არ არის” – ლევან მაჭავარიანი

“გუშინ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აპირებდა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, რაც მისი საქმე არ არის. სავარაუდოდ, ვიღაცამ ურჩია, რომ ამით კანონს სერიოზულად დაარღვევდა და გადაიფიქრა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ძალიან რთულია ახლა პროგნოზირება, ვინაიდან არაპროგნოზირებადი ქალბატონია. ახლა მისი ემოციური ფონი ძალიან მძიმეა და ჩვენ ვცდილობთ, შევიდეთ მის ემოციურ მდგომარეობაში. იცის, რომ ერთი კვირაც არ აქვს დარჩენილი და სამწუხაროდ, ვერ ელევა ამ თანამდებობას, ამ კომფორტს. გუშინ ჩვენ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ იგი აპირებდა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას, რაც მისი საქმე არ არის. სავარაუდოდ, ვიღაცამ ურჩია, რომ ამით კანონს ძალიან სერიოზულად დაარღვევდა და შემდეგ გადაიფიქრა. თვითონ ის ოპოზიციური სპექტრიც, ვინც ჰყავდა შეკრებილი, თავის „ენჯეო“ ორგანიზაციების წარმომადგენლებიანად, ცოტა გაოცებული დარჩა. ალბათ ყველანი უყურებდით ამ კადრებს.

შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენლისგან ვიხილეთ თუ არ ვცდები ფეისბუქპოსტები, რომ ეს ქალბატონი უკვე რაღაცებს ჩერჩეტობსო – ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ეს საჯაროდ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან. მას როგორ ურჩევენ, იმის მიხედვით იმოქმედებს. ახლა დიდი შანსი და ალბათობაა იმისა, რომ იგი რაღაცნაირად ცდილობდეს, მსხვერპლის როლში შევიდეს, ასე მოგვევლინოს რადიკალური ოპოზიციის ლიდერად.

შეიძლება, გაითამაშოს იგივე სცენარი, რაც მაგალითად, თავის დროზე ნიკანორ მელიამ გაითამაშა და გამაგრდეს თავის შენობაში, ამით პირდაპირ ძალიან უხეშად დაარღვიოს კანონი, თუმცა ამას არ ვურჩევდით. ჩვენი სურვილი ეს არ არის. სჯობს, ყველაფერი ძალიან ლამაზად დამთავრდეს და შეეგუოს, რომ ამოიწურა მისი საპრეზიდენტო ვადა, თუმცა დაველოდოთ და დღეს ცხრა საათზე შევხედოთ, რას დაანონსებს. ალბათ ეს აქციები უკვე გადავა პირდაპირ პოლიტიკურ ჭრილში, ვინაიდან აქამდე პოლიტიკოსები კულისებს მიღმა მართავდნენ იქ პროცესებს და ამ ყველაფრის ილუსტრირება მოხდა მას შემდეგ, რაც სასამართლო განჩინების საფუძველზე შსს-ს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკები რადიკალური ოპოზიციური პარტიების ოფისებში, იყო პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილი“, აალებადი ნივთიერებები და ა.შ. რითაც მარაგდებოდნენ აქციაში მონაწილე რადიკალი დემონსტრანტები და მთლიანად პარტაქტივი.

ეს ყველაფერი მარაგდებოდა მათივე ოფისებიდან, თუმცა მაინც კულისებს მიღმა იდგნენ, მაგრამ ეტყობა, ვერ ითმენენ, ვინაიდან ხედავენ, რომ მუხტი ეცემა, აქციაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა დღითი დღე უფრო კლებულობს. შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი და უნდათ, უფრო მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ. ამ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებ ბატონი გახარიას წამოცდენას, მიხეილ სააკაშვილის წამოცდენას, შემდეგ ქალბატონი ზურაბიშვილისას, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, დაახლოებით იგივე წამოცდენა მოუვიდა, რომ ყველაფერი უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, ვინაიდან შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს არის ბატონი ტრამპის ინაუგურაცია. ოპოზიციას ძალიან ეშინია ამ თარიღის და უნდათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოასწრონ, ვიდრე ბატონი ტრამპი დაიკავებს ოვალურ ოფისს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები