წილოსანი – ლილუაშვილის საქმეზე: თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო

“თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო – ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

კერძოდ, მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო და მძიმეა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარი. მათ შორის, არანაკლებ მძიმეა იმ სამართალდამცავი სტრუქტურების და მისი ხელმძღვანელებისთვის, ვინც უშუალოდ აწარმოებენ ამ საქმეებს. მაგრამ ფაქტი ერთია – თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო. რა თქმა უნდა, ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს. ვფიქრობ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება. რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? – ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა იყო როგორც ომის საფრთხეების წინაშე, ასევე რევოლუციური სცენარების წინაშე და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, ისევე, როგორც უწყებების მობილიზება სრულად იყო გადართული ამ რისკების აღმოფხვრისთვის. ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის (თუ დადასტურდა), რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის, გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური საპარლამენტო და დემოკრატიული სისტემა გულისხმობს, რომ იყოს სწორი და ობიექტური ოპონირება – ჩვენ ამასაც მოკლებული ვიყავით და გვიწევდა, რომ საკუთარი თავის ოპონირება გაგვეწია და ჩვენივე წიაღში აღმოგვეჩინა ის ხარვეზები, რომელიც რიგი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში იყო”, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები