შალვა პაპუაშვილი ხოშტარიებისთვის რუსეთიდან თანხის მორიგ ჩარიცხვაზე: ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, მიუღებელია
„ესეც აჩვენებს, რა ფარისევლობას აქვს ადგილი რადიკალებში და რომ სინამდვილეში წარმოსახვითია ის, რისი დათესვაც უნდათ მათ თავიანთ მომხრეებში. სინამდვილეში, ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, მიუღებელია. ასე რომ, ეს მორალური დეგრადირების ერთ–ერთი მაჩვენებელია,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხოშტარიების ანგარიშზე რუსეთიდან თანხების მორიგ ჩარიცხვას.
მისივე თქმით, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები.
„მთავარი პრეტენზია, რასაც უყენებენ ხოლმე რუსეთს, მათ შორის თავად ხოშტარია და მისი გარემოცვა, არის რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთს, ვინაიდან რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს. რაღა მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი? როგორც ისინი ამბობენ მათი რომელიღაცა წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება ჩარიცხვა. გამოდის, რომ მათი წარმოდგენით, რუსეთი მთელს მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს ხოლმე რუსეთის ბიუჯეტი, რომ ჩაურიცხოს თანხები. ყველას შევახსენებ, ეს არის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები“, – აცხადებს პაპუაშვილი.