“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაძაბულობის შედეგად ძალიან ტურბულენტური გარემოა,
ვგულისხმობ საერთაშორისო კონფლიქტებს, რომელიც ჩვენს რეგიონთან ახლოს ვითარდება, როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, ვხედავთ , რომ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება,”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
” ეკონომიკის რა პროგნოზი გვაქვს: სავალუტო ფონდის პროგნოზი ვიცით – წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5%-ია. საქართველოს მთავრობასაც ანალოგიური გათვლა აქვს. ჩვენ ეს კონსერვატორულ მიდგომად უნდა შევაფასოთ. ეს
იმას ნიშნავს, რომ სავალდებულო არაა , წლის ბოლოს 7,5 % იყოს, შეიძლება, მეტიც კი იყოს. 7.5% მაინც უფრო ფრთხილი, მოზომილი შეფასებაა.
ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა წელსაც მაღალი იქნება, დაახლოებით 9%-ის ფარგლებში.
რა იძლევა ამის საშუალებას? პირველ რიგში, მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, მათ შორის,
ადგილობრივი ექსპორტი. ექსპორტი პირდაპირ ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ექსპორტის ზრდა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივი წარმოების შეფასება ხდება, ადგილობრივი წარმოება უფრო მეტ პროდუქციას
უშვებს, რომელიც უცხოეთში იყიდება. უცხოური ვალუტის
შემოდინებაზეც დადებითად მოქმედებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი სტაბილურია, უფრო გამყარებისკენაა, ვიდრე გაუფასურებისკენ. სტაბილური გაცვლითი კურსი ინფლაციის შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმიტომ რომ, თუ კურსი გაუფასურდება, ბუნებრივია,
ეს სამომხმარებლო ფასებზე პირდაპირ აისახება, განსაკუთრებით მის იმპორტირებულ ნაწილზე.
მყარი, სტაბილური გაცვლითი კურსი საიდან წარმოიქმნება: პირველ რიგში, ესაა
ექსპორტის ზრდის შედეგი, საქონლის ექსპორტის და მეორე მხრივ , მომსახურების
ექსპორტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, საერთაშორისო ტურიზმს ვგულისხმობ. წლის პირველ ნახევარში უკვე რეკორდზეა გასული , იმაზე გაცილებით მაღალია , ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, რომელიც ეკონომიკისთვის პოზიტიურია, მათ ჩვენ
ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუწოდებთ. მაგალითად ინფლაცია ფუნდამენტური ფაქტორია, იგივე გაცვლითი სავალუტო კურსიც, ექსპორტიც.
რეალურად ეს რას აჩვენებს: მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაძაბულობის შედეგად ძალიან ტურბულენტური გარემოა, ვგულისხმობ საერთაშორისო კონფლიქტებს, რომელიც ჩვენ რეგიონთან ახლოს ვითარდება, როგორც უკრაინაში, ისე ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად ამ მაღალი რისკებისა,
ვხედავთ, რომ ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება. ეს
რაზე მიანიშნებს: იგივე ექსპორტის ზრდა იმას ნიშნავს, რომ როგორც საექსპორტო ქვეყნების არეალია გაზრდილი, ასევე ჩვენი საექსპორტო საქონლის ასორტიმენტია გაზრდილი.
ადრე თუ, ძირითადად, ღვინო და ღვინო მასალები იყო, დღეს უცხოეთში ბევრი სხვა პროდუქციაც გადის, მათ შორის სასურსათო. ეს ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება ხდება. “- განაცხადა ცუცქირიძემ.