მამა პეტრე: არ მიკრძალავენ ფრენას, ოღონდ მაჭრიან ფრთებს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სხვა მრწამსის მიმდევრების გახშირებულ დევნას „Facebook“-ში საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
„მე ქართველი, რწმენით მართლმადიდებელი. მიყვარს ერი, ქვეყანა, ენა, ეკლესია. არ მიყვარს გულცივობა, სიბეცე, სიბნელე, ცინიზმი. მე ვმოგზაურობ, ბევრს ვმოგზაურობ. ვკითხულობ, ვწერ, ვფიქრობ, ვაკვირდები, ვხედავ, ვგრძნობ… ვუვლი საფლავებს, მიცვალებულებს, ცოცხლებს, ცხოველებს. ვაფრენ მტრედებზე, თოლიებზე, ზღვაზე, ცურვაზე. ვმეგობრობ მრუშთან, ლოთთან, ნარკომანთან, ავაზაკთან, მაგრამ არ მიზიდავს სიბინძურე, მოუვლელობა, სილაჩრე, დოგმები. ვითვლი კენჭებს, ქვიშაზე შერჩენილ თითებს, მიტოვებულ სახლებს. ვეთამაშები თევზებს, ვასეირნებ მეზობლის ბავშვებს, ვუყურებ დრამას. არ ვებრძვი კათოლიკეს, მუსლიმს, ებრაელს, ბუდისტს. ვებრძვი საკუთარ თავს. ქვებით ვერ ვიცავ მართლმადიდებლობას, რადგან ამისგან ათი მცნება მიცავს. მიკრძალავენ თავისუფლებას, როცა ნაზარეველი თავისუფლებაა, მაგრამ ესწრაფვიან თავისუფლებას. არ მიკრძალავენ ფრენას, ოღონდ მაჭრიან ფრთებს. სხედან ჭაობში და მიწუნებენ ამღვრეულ მდინარეს. აკვირდებიან გუმბათზე მიხატულ ვარსკვლავებს და არ ესმით პატარა უფლისწულის ტკივილი. ქადაგებენ სიყვარულს, სძულთ ადამიანი. აგროვებენ შესაწირს, ხელს კრავენ მათხოვარს.
მე ქართველი ვარ, რწმენით მართლმადიდებელი.
მიყვარს ერი, ქვეყანა, ეკლესია.
არ მიყვარს სხვისი შეურაცხყოფა, ჩაგვრა. ვგრძნობ ჩემს გამორჩეულობას, მაგრამ ღმერთმა შექმნა ფრანგიც, გერმანელიც, არაბიც, სხვაც. სხვისგან ნუ იცავ ღმერთს, საკუთარი სიმახინჯისგან დაიცავი იგი…,“- წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები