ლევან ვასაძის სკოლაში სწავლა 9000 ლარი ღირს და სოციალურად დაუცველები ვერ სწავლობენ

 

    ბიზნესმენ და ქველმოქმედ ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებულ კერძო სკოლაში სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები ვერ სწავლობენ, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა მარინე კაჭარავამ განუცხადა. მარინე კაჭარავა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებულ კიკეთის, კერძო სკოლაში თითქმის ორი წელია დირექტორის თანამდებობას იკავებს.10617313_942152875812729_1923387057_n
ამასთანავე, იგი ამავე სკოლაში აღსაზრდელებს პრაქტიკული ფსიქოლოგიის დისციპლინას ასწავლის.
მისი თქმით, ამჟამად სასწავლო დაწესებულებაში 170 მოსწავლე სწავლობს და მსურველთა მიღება კვლავ გრძელდება. როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, სასწავლო დაწესებულება სკოლამდელი აღზრდის კონტინგენტსაც ღებულობს. თუმცა, ამ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესის გადასახადი საკმაოდ სოლიდურია და წელიწადში 4500 ლარი ღირს. მარინე კაჭარავას ინფორმაციით, სწავლის გადასახადი სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაა და კერძო სკოლა მშობელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს.
„პირველი კლასიდან მე-9 კლასამდე სწავლის გადასახადი წელიწადში 7900 ლარია, ხოლო მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით სწავლის საფასური 9000 ლარია. ჩვენს სკოლაში სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები არ სწავლობენ. სასწავლო დაწესებულებაში ჩვენ მშობლებს და მოსწავლეებს განსაკუთრებულ სერვისს და სწავლების მაღალ დონეს ვთავაზობთ “, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას მარინე კაჭარავამ.
მისი თქმით, მშობელმა სწავლის გადასახადი წელიწადში ორჯერ უნდა გადაიხადოს, ნაწილი პირველი სემესტრის დაწყებამდე, დარჩენილი ნაწილი კი მეორე სემესტრის დაწყებამდე. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში მოსწავლეების მიერ სწავლის საფასურის გადასახადში სკოლის ფორმები და სახელმძღვანელოები არ შედის. ეს მშობლისთვის დამატებითი შესაძენია. ლევან ვასაძის მიერ დაფუძნებული კერძო სკოლა ექვსი წელიწადია, რაც ფუნქციონირებს, შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტი ჯერ არ გამხდარა.
როგორც „კვირას“ მარინე კაჭარავამ განუცხადა, სასწავლო პროცესის დროს არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს შვილები საკუთარი სურვილით მიჰყავთ სკოლიდან.
„არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს საკუთარი სურვილით მიჰყავთ სკოლიდან, შესაძლებელია ეს სწავლის გადასახადის გამო, ჩვენ არ ვეკითხებით მიზეზს“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
მისივე თქმით, სკოლა მოსწავლეებს გაცილებით მეტ მომსახურებას სთავაზობს, ვიდრე სწავლის საფასურია.

10708253_942154952479188_1984936206_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები